იტალიური გამოცემა - „ჩელსი“ ოსიმენის, ლობოტკასა და კვარაცხელიას ტრანსფერებითაა დაინტერესებული, თუმცა „ნაპოლი“ მათ გაშვებას არ აპირებს #1TVSPORT
ლონდონის „ჩელსის“, გარდა ოსიმენისა, „ნაპოლიდან“ ხვიჩა კვარაცხელიასა და სტანისლავ ლობოტკას შეძენაც სურს, თუმცა იტალიური კლუბი მათ გაშვებას არ აპირებს, – ინფორმაციას გამოცემა Il Mattino ავრცელებს.
„ლობოტკასა და კვარაცხელიას მიმართ „ჩელსიმ“ ინტერესი გამოიჩინა, მაგრამ დე ლაურენტისმა ინგლისელებს განუცხადა, რომ მათ ტრანსფერებს არ განიხილავს. ქართველ თავდამსხმელს „ნაპოლისთან“ ოთხწლიანი კონტრაქტი აკავშირებს და მომავალ შემოდგომაზე მისთვის ხელფასის გაზრდაზეც იმსჯელებენ. ფაქტია, „ნაპოლი“ პრემიერლიგის გუნდებისთვის მიმზიდველ კლუბად იქცა“, – წერს იტალიური გამოცემა.
ამ თემასთან დაკავშირებით კიდევ ერთი იტალიური ვებგვერდი, Napolipiu-ც წერს:
„ლონდონის „ჩელსის“ ხელმძღვანელები მიმდინარე სეზონში კვარაცხელიასა და ლობოტკას თამაშით აღფრთოვანებულები არიან.
„ნაპოლიმ“ გააოცა სრულიად იტალია, ნანატრი ტიტული ვეზუვის ჩრდილში 33 წლის შემდეგ დაბრუნდა. ლუჩანო სპალეტის გუნდის ფეხბურთელების მიმართ ინტერესი ევროპის მრავალ გრანდში გაჩნდა.
„ჩელსი“, ოსიმენის გარდა, სლოვაკისა და ქართველის გადაბირებასაც სერიოზულად განიხილავს, თუმცა „პარტენოპეის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მოთამაშეების გაშვებას არ გეგმავს“, – წერს გამოცემა.