იტალიური გამოცემა - „ბარსელონას“ კვარაცხელიას შეძენა გასულ ზაფხულსაც სურდა, ბრძოლაში „ჩელსი“ და „პარი სენ-ჟერმენი“ ჩაერთვნენ #1TVSPORT
კატალონიურ „ბარსელონას“ ზაფხულში მარცხენა ფლანგის გასაძლიერებლად ფეხბურთელის შეძენა სურს, სიაში ხვიჩა კვარაცხელიაცაა, – ინფორმაციას ესპანური გამოცემა Mundo Deportivo ავრცელებს. „ბლაუგრანა“ („ბარსელონას“ მეტსახელი) ამ პოზიციაზე სამ კანდიდატს განიხილავს – კაორუ მიტომუს „ბრაიტონიდან“, გაბრიელ მარტინელის „არსენალიდან“ და ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიდან“.
ამასთან დაკავშირებით იტალიურმა გამოცემამ, Il Mattino-მ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა:
„ესპანური ლა ლიგის გრანდი „ბარსელონა“ „ნაპოლის“ ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით არის დაინტერესებული. ნეაპოლელთა ვარსკვლავს კლუბთან ახალი კონტრაქტი ჯერ არ გაუფორმებია, ამასთან დაკავშირებით ბევრი საუბარი იყო, მაგრამ ჯერ სიახლე არაფერია. კვარაცხელიას გარემოცვა ნეაპოლელებისგან ხელფასის მნიშვნელოვნად მომატებას ითხოვს.
ქართველი გარემარბის შესაძენად „ჩელსი“ და „პარი სენ-ჟერმენიც“ იბრძვიან, მაგრამ „ბარსელონას“ ინტერესი ახლა ყველაზე კონკრეტული ჩანს. კატალონიური გრანდი გასული ზაფხულსაც აგროვებდა ფეხბურთელზე ინფორმაციას, მაგრამ ამ საქმეს გაგრძელება არ მოჰყოლია. ახლა კი, ჩემპიონთა ლიგაზე „ნაპოლისა“ და „ბარსელონას“ მატჩამდე ეს თემა ესპანეთში კვლავ გააქტიურდა. აღსანიშნავია, რომ კვარაცხელიას შეძენის სურვილი „ბარსელონას“ ხელმძღვანელობას გასულ ზაფხულსაც ჰქონდა“, – წერს იტალიური გამოცემა.