იტალიური ფეხბურთის ლეგენდა - კვარაცხელიას რიცხობრივი უპირატესობის შექმნა ეხერხება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია #1TVSPORT
მილანის „ინტერის“ ლეგენდამ, ჯუზეპე ბერგომიმ სერია A-ს ახალი სეზონის დაწყებამდე გამოცემა „ილ მატინოსთან“ ჩემპიონატის ფავორიტებზე, მოსალოდნელ და საინტერესო ტრანსფერენზე ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელია გამორჩეულ ფეხბურთელად დაახასიათა.
– ამ მომენტში სკუდეტოს გამორჩეული ფავორიტები „მილანი“ და „ინტერი“ არიან. ისინი დანარჩენებს ერთი ნაბიჯით უსწრებენ. „როსონერი“ ბოლო წლებში ერთადერთი იყო, რომელიც იძულებული არ იყო, ვინმე გაეყიდა. ის აგრძელებს მუშაობას სტაბილური შემადგენლობით და ამავე დროს, ძლიერდება.
– ახლა „ნაპოლის“ მიზანი თავდამსხმელ ჯაკომო რასპადორის („სასუოლის“ თავდამსხმელი) დამატებაა – ეს როგორი ტრანსფერი იქნება?
– ძალიან მომწონს, ჭკვიანი ბიჭია და რამდენიმე ამპლუაში თამაში შეუძლია. გარდა იმისა, რომ კარგია შეტევის ფაზაში, ბურთის ართმევაც ეხერხება და ამიტომ უბურთოდ ყოფნისას გუნდისთვის სასარგებლოა.
– ამასობაში კვარაცხელიამ ამხანაგურ მატჩებში კარგად ითამაშა და შთამბეჭდავი სტატისტიკა ჰქონდა.
– დიახ, თანამედროვე ფეხბურთში რიცხობრივი უპირატესობის შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია, კვარაცხელიას კი ეს ძალიან კარგად ეხერხება.
– ჩემპიონთა ლიგაზე წელს ოთხი იტალიური კლუბის მომავალს როგორ ხედავთ?
– წილისყრაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. „მილანს“, რომელიც პირველ კალათაშია, სასურველი მეტოქეები უნდა შეხვდეს. „ინტერსა“ და „ნაპოლის“, რომლებიც მესამე კალათაში იქნებიან, შეიძლება, ასეთი წილისყრა არ ჰქონდეს. მაგრამ ზოგადად, დარწმუნებული ვარ, რომ ოთხ იტალიურ კლუბს კარგი შედეგების მიღწევა შეუძლიათ.
ჯუზეპე ბერგომი მილანის „ინტერის“ ისტორიული კაპიტანია, რომელმაც კარიერაში მხოლოდ „ნერაძურის“ მაისურით ითამაშა, თანაც მთელი ოცი წელი (1979–1999, 517 მატჩი, 24 გოლი) და გუნდში ექვსი ტიტული მოიგო – იტალიის ჩემპიონობა, თასის სუპერთასი და უეფა-ს თასი – სამჯერ. ბერგომი ასევე დიდხანს (1982-1998) თამაშობდა იტალიის ნაკრებში.
ოთხი მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეა (1982, 1986, 1990, 1998). მეხუთეზე თამაშიც შეეძლო, მაგრამ 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იტალიელთა მაშინდელმა მწვრთნელმა არიგო საკიმ არ წაიყვანა. ესპანეთში 1982 წელს, ენცო ბეარზოტის გუნდთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ახლა ჯუზეპე ბერგომი მუშაობს საფეხბურთო ექსპერტად ტელეარხ Sky Italia-ში.