იტალიური და თურქული კლუბების სამიზნეში - მიქაუტაძეს რეკომენდაცია გაუწიეს #1TVSPORT
იტალიურ და თურქულ კლუბებს ურჩევენ აიყვანოს გიორგი მიქაუტაძე, რომელმაც მიმდინარე სეზონი საფრანგეთის მეორე საფეხბურთო ლიგაში (ლიგა 2) „მეცის“ მაისურით დაიწყო. 3 მატჩში 2 გოლით და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა – ინფორმაციას DAZN Italia-ს ჟურნალისტი ორაციო აკომანდო აქვეყნებს.
„ტვიტერზე“ იტალიელი ჟურნალისტი წერს: „ქართველი თავდამსხმელი მიქაუტაძე „ლეჩეს“, „ტორინოსა“ და „გალათასარაის“ შესთავაზეს. ახალგაზრდა თავდამსხმელმა (2000 წელსაა დაბადებული), ლიგა 2-ის „მეცში“ პირველ სამ დღეში 2 გოლი გაიტანა, შარშან ბელგიაში კი 14 გოლი“.
„გალათასარაის“ შეტევის ხაზში ახალი ფეხბურთელების დამატება სურს და მოულოდნელი შეთავაზება მიიღო. გუნდში რეკომენდაცია გაუწიეს ჟორჟ მიქაუტაძეს, რომელმაც საფრანგეთის ლიგა 2-ში „მეცის“ მაისურით კარგად დაიწყო. ამ წინადადების მიმართ „გალათასარაის“ დამოკიდებულება ჯერ არ არის ცნობილი“ – ეს უკვე თურქული გამოცემა Republic.com.tr-ის ინფრომაციაა.
„საფრანგეთის „ლიონში“ გაზრდილმა „მეცი „ბ“-ს“ ქართველმა თავდამსხმელმა ბოლო ორი სეზონი იჯარით ბელგიურ „სერენში“ გაატარა. 21 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში ბელგიური გუნდის შემადგენლობაში 33 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. საფრანგეთის ლიგა 2-ში კი სეზონი 3 მატჩში 2 გოლით და 1 საგოლე გადაცემით გახსნა. გიორგი მიქაუტაძემ საქართველოს ნაკრებში 11 მატჩში 2 გოლის გატანა მოახერხა.