იტალიურ მედიაში - ხვიჩა არანაირ სქემას არ ემორჩილება და არავინ იცის, აქვს თუ არა მის ნიჭს ზღვარი [ვიდეო] #1TVSPORT
იტალიურმა გამოცემამ, Football Italia-მ სერია A-ს ბოლო ტურში ხვიჩა კვარაცხელიას თამაში გამოარჩია და წამყვანი იტალიური გამოცემების ყველაზე საინტერესო კომენტარები გამოაქვეყნა.
„ვერონასთან“ ხვიჩა კვარაცხელიას თამაშმა დიდი მოწონება დაიმსახურა. „ნაპოლი“ აუტსაიდერთან 0:1-ს აგებდა. სირილ ნგონგემ 79-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 87-ე წუთზე კვარაცხელიამ შორიდან დარტყმით ეფექტური გოლი გაიტანა და „ნაპოლის“ გამარჯვება მოუტანა.
La Gazzetta dello Sport
„პირველ ტაიმში ისე ჩანდა, თითქოს კვარაცხელია „ვერონასთან“ მარტო თამაშობდა, მეტოქის კართან ყველა სახიფათო მომენტი მისი აქტიურობის შემდეგ შეიქმნა. ძალიან მონდომებული იყო და გამარჯვების გოლის გატანა დაიმსახურა“.
Corriere dello Sport
„როდესაც ყველას ეგონა, რომ დამთავრდა, „ნაპოლი” ვეღარაფერს გახდებოდა, ხვიჩა კვარაცხელიამ შორიდან დაარტყა, განსაცვიფრებელი სილამაზის გოლი გაიტანა და გუნდს მოაგებინა – ის ანგელოზია, რომელიც „ნაპოლის“ გადაეფარა. კვარა არის ფეხბურთელი, რომელიც არანაირ სქემას არ ემორჩილება და არავინ იცის, აქვს თუ არა მის ნიჭს ზღვარი“.
Corriere della Sera
„კვარაცხელიამ თავისი მაღალი კლასი მატჩის ბოლოს კიდევ ერთხელ გამოავლინა და საჯარიმოს სიახლოვიდან ძლიერი დარტყმით „ნაპოლის“ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა“.
იტალიურმა გამოცემებმა ხვიჩას თამაში ასე შეაფასეს:
Gazzetta dello Sport – 7.5
Corriere dello Sport – 7.5
Corriere della Sera – 7
Tuttosport – 7