იტალიის სერია A-ს პრეზიდენტის პაოლო დალ პინოს ინფორმაციით, იტალიის თასის ფინალი მაყურებლების თანდასწრებით გაიმართება. ქვეყნის მთავრობამ სტადიონის 20 პროცენტით შევსების ნება დართო.
„მადლობა მთავრობას იმისთვის, რომ მათ იტალიის თასის ფინალზე მაყურებლების შეშვების უფლება მოგვცეს. ეს იმის ნიშანია, რომ ნორმალურ ცხოვრებას ვუბრუნდებით და ეს ძალიან გვჭირდება.
ვიმედოვნებთ, რომ ასევე შევძლებთ გულშემატკივრები დაესწრონ იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩებს“, – განაცხადა დალ პინომ.
იტალიის თასს 19 მაისს გაითამაშებენ „ატალანტა“ და „იუვენტუსი“. ფინალი ქალაქ რეჯო-ნელ-ემილიაში „მაპეის“ სტადიონზე გაიმართება. არენის ტევადობის გათვალისწინებით, მატჩს მაქსიმუმ 4700 მაყურებელი დაესწრება.