იტალიის მთავრობა განიხილავს ვარიანტს, რომლის მიხედვით, საფეხბურო სტადიონებზე მაყურებლების დაშვება 2021 წლის იანვრამდე ვერ მოხდება. ამის შესახებ თავისი აზრი იტალიელმა ჟურნალისტმა ტანკრედი პალმერიმ გამოთქვა.
„მთავრობა მართლაც ფიქრობს ასევ ვერსიაზე, თუმცა ისინი სხვა შესაძლო ვარიანტებზეც მსჯელობენ“, – ამბობს პალმერი, – „ხალხის ნებისმიერი სახით შეკრება ახლა დიდი რისკია. გასაგებია, რომ ფეხბურთი ახლა ცუდ მდგომარეობაშია, მაგრამ კორონავირუსით დაინფიცირების შანსები მაქსიმალურად უნდა შევამციროთ. პანდემიას ჯერ არ გადაუვლია“.
იტალიის ჩემპიონატი წელს 26 ტურის შემდეგ შეწყდა, როდესაც სატურნირო ცხრილს სათავეში „იუვენტუსი“ ედგა. მეორე ადგილზე რომის „ლაციოა“, რომელიც ლიდერს ერთი ქულით ჩამორჩება.