იტალიის სპორტის მინისტრმა ვინჩენცო სპადაფორამ მკვეთრი განცხადებები გააკეთა „იუვენტუსის“ ფორვარდის კრიშტიანო რონალდოს მისამართით.
პორტუგალიელი ფეხბურთელი, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა, ტურინში პორტუგალიიდან ჩაფრინდა, რათა კარანტინი იტალიაში გაევლო. ამის შემდეგ, სპადაფორამ განაცხადა. რომ ეს შეიძლება იყოს პროტოკოლის დარღვევა. ამ სიტყვებს რონალდო გამოეხმაურა და მინისტრის ნათქვამს „ტყუილი“ უწოდა.
„რამდენიმე მოთამაშის სკანდალური დიდება და ოსტატობა უფლებას არ აძლევთ მათ – იყვნენ ქედმაღლები, გამოიჩინონ უპატივცემულობა და მოიტყუონ.
მეორეს მხრივ, რაც უფრო მეტი იცი, მით უფრო გამძაფრებული უნდა გქონდეს პასუხისმგებლობის გრძნობა, რათა იფიქრო იქამდე, ვიდრე რაღაც იტყვი. სხვებს კარგი მაგალითი უნდა მისცე.
მე არ ვაპირებ დაუსრულებლად განვიხილო ეს საკითხი. ვადასტურებ – რაც ვთქვი გუშინ სასტუმროდან „იუვენტუსის“ ზოგიერთი ფეხბურთელის წასვლის შესახებ, ეყრდნობოდა შეტყობინებებს, რომელსაც კლუბი ადგილობრივ ჯანდაცვის ორგანოებს უგზავნიდა.
მე არ დავუბრუნდები კიდევ ერთხელ ამ თემას – ვუსურვებ ყველას სწრაფ გამოჯანმრთელებას“, – თქვა სპადაფორამ.