იტალიის ნაკრების ექს-მცველი კვარაცხელიაზე - ფედერიკო კიეზას მაგონებს #1TVSPORT
იტალიის ნაკრების ექს-მცველი კვარაცხელიაზე - ფედერიკო კიეზას მაგონებს #1TVSPORT

ახლო წარსულში ცნობილმა იტალიელმა მცველმა და ამჟამინად ტელეკომენტატორმა დანიელ ადანიმ BoboTv-სთან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. აპენინებზე ქართველი ფორვარდის შესახებ ინტერესმა მას შემდეგ იმატა, რაც „ნაპოლისთან“ მისი ტრანსფერის ამბავი კლუბმა დაადასტურა.

2001 წელს დაბადებული ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ამჟამად ბათუმის „დინამოში“ თამაშობს, მომავალ სეზონში „ნაპოლის“ პირველი შენაძენი იქნება. ეს კლუბის პრეზიდენტმა დე ლაურენტისმა განაცხადა. ქართველს ლორენცო ინსინიეს მემკვიდრედ მიიჩნევენ.

„კვარაცხელიას კარგად ვიცნობ და დიდი ხანია ვამბობ, რომ ის ფედერიკო კიეზას მსგავსი მოთამაშეა, შეუძლია ფლანგის ნახევარდაცვაშიც ითამაშოს და თავდასხმის სამეულშიც. ის დამანგრეველი ძალის თავდამსხმელია. მარჯვენა ფეხსაც ხმარობს და მარცხენასაც, მას აქვს ტექნიკა და კლასი“, – განაცხადა დანიელ ადანიმ.

იგი მარჯვენა მცველის პოზიციაზე თამაშობდა „ბრეშიაში“, „ფიორენტინაში“, „ინტერში“ და იტალიის ნაკრებში. შემდეგ მწვრთნელობა დაიწყო, პარალელურად, ტელევიზიასთან საფეხბურთო კომენტატორად თანამშრომლობს.

ფედერიკო კიეზასთან შედარება ქართველი თავდამსხმელისთვის ბევრს ნიშნავს, რადგან ევრო 2020-ზე „იუვენტუსის“ თავდამსხმელი ერთ-ერთი საუკეთესო იყო იტალიის ნაკრებში, რომელმაც კონტინენტის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.