იტალიის გრან პრი ლუის ჰემილტონმა მოიგო
იტალიის გრან პრი ლუის ჰემილტონმა მოიგო

მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა, ლუის ჰემილტონმა 2018 წლის სეზონში მეექვსე გამარჯვება მოიპოვა – ბრიტანელი პირველი მივიდა ფინიშთან მონცაში იტალიის გრან პრიზე.

კვალიფიკაციაში ისტორიული შედეგი დაფიქსირდა – პოულის მფლობელმა კიმი რაიკონენმა საუკეთესო წრე საშუალოდ საათში 263 კილომეტრი სიჩქარით გაიარა, რითაც ფორმულა 1-ის ახალი რეკორდი დაამყარა.

საშუალო სიჩქარის წინა რეკორდი ხუან პაბლო მონტროიას ეკუთვნოდა და ის 14 წლის წინ იყო დამყარებული.

ჰემილტონმა მესამე პოზიციიდან აიღო სტარტი და უკვე პირველ წრეზე გადავიდა მეორე ადგილზე – გაუსწრო ჩემპიონობისთვის ბრძოლაში მთავარ კონკურენტს სებასტიან ფეტელს. ლიდერის, კიმი რაიკონენის გასწრება ჰემილტონმა ვერ შეძლო, მაგრამ დისტანციის დიდი ნაწილი ფინელთან ახლოს იყო. ფინიშამდე ექვსი წრით ადრე, მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონმა ტემპი დაკარგა გაცვეთილი საბურავების გამო, რითაც ჰემილტონმა ისარგებლა და მონცაში თავისი მეხუთე გამარჯვება მოიპოვა. უფრო გვიანი პიტსტოპის წყალობით, ჰემილტონმა დიდი უპირატესობა მოიპოვა რბოლის ბოლო ნაწილში.

ჰემილტონისთვის ეს მოგება 68-ე იყო კარიერაში და ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან შეძლო საერთო ჩათვლაში 30 ქულით წინ გასვლა. ჩემპიონატის დამთავრებამდე შვიდი რბოლაა დარჩენილი. იტალიაში მეხუთე გამარჯვების შემდეგ, ლუის ჰემილტონი ამ მაჩვენებლით მიხაელ შუმახერს გაუტოლდა.

კიმი რაიკონენი მეორე ადგილზე გავიდა და კარიერაში მეასედ ავიდა პოდიუმზე. მესამე მივიდა ფინიშთან ფერსტაპენი, მაგრამ მის შედეგს ხუთი წამი მიუმატეს და ჰოლანდიელი მეხუთე ადგილამდე ჩამოქვეითდა – წინ გაუშვა ბოტასი და ფეტელს.

ჩემპიონატი ორი კვირის შემდეგ სინგაპურში გაგრძელდება.