იტალიის ჩემპიონატი | გოგლიჩიძემ ისევ ძირითადში ითამაშა - „ემპოლიმ“ „კალიარი“ დაამარცხა #1TVSPORT
საბა გოგლიჩიძემ ზედიზედ მესამედ ითამაშა „ემპოლის“ ძირითად შემადგენლობაში – მისი გუნდი „კალიარის“ ესტუმრა და 2:0 დაამარცხა.
იტალიის სერია A-ს მე-5 ტურის დაპირისპირებაში ქართველი მცველი საიმედოდ გამოიყურებოდა, თავდამსხმელებთან კონცენტრირებული იყო, ორთაბრძოლებში თამამად შედიოდა და საკმაოდ მაღალი შეფასება – 7,2 ქულა დაიმსახურა. საბა საზონოვი კი ტრავმირებულია და, სამწუხაროდ, დიდი ხანი ვერ ითამაშებს.
ანგარიში 33-ე წუთზე გაიხსნა. სტუმრების სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ მეკარესთან პირისპირ ლორენცო კოლომბო გავიდა და სტუმრები დააწინაურა. „კალიარიმ“ დიდი ძალებით შეუტია, ანგარიშის გათანაბრება სცადა, მაგრამ „ემპოლიმ“ შესვენებამდე უპირატესობა შეინარჩუნა.
„ემპოლიმ“ მეორე ტაიმიც შესანიშნავად დაიწყო და 49-ე წუთზე უპირატესობა გაზარდა. სებასტიანო ესპოზიტომ ტექნიკურად ითამაშა, „კალიარის“ მცველები ეფექტური მოძრაობებით ჩამოიშორა და ზუსტად დაარტყა – 0:2.
„ემპოლიმ“ ამ გამარჯვებით მიმდინარე სეზონში 9 ქულა დააგროვა და იტალიის სერია A-ს სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე დაწინაურდა.