იტალიელი ოქროსმედალოსანი პარიზის ერთ-ერთ პარკში მძინარე ნახეს მას შემდეგ, რაც ოლიმპიურ სოფელში არსებულ ცუდ პირობებზე ისაუბრა #1TVSPORT
იტალიელი მოცურავის, პარიზის ოლიმპიური თამაშების ოქროსმედალოსნის, ტომას ჩეკონის ფოტო პრესაში და სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა. ჩეკონს პარიზის ერთ-ერთ პარკში ეძინა, როცა საუდელმა ნიჩბოსანმა, ჰუსეინ ალირეზამ ფოტო გადაუღო, სოციალურ ქსელში ატვირთა და ასეთი წარწერა დაურთო: „დღეს დაისვენე, ხვალ გაიმარჯვე“, – ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა Mirror-ი ავრცელებს.
საქმე ისაა, რომ ტომას ჩეკონმა საჯაროდ გამოხატა უკმაყოფილება პარიზის თამაშების ორგანიზატორებისადმი და ოლიმპიურ სოფელში არსებულ ცუდ პირობებზე ისაუბრა:
„ოლიმპიურ სოფელში არ არის კონდიციონერი, ცხელა და საკვებიც უვარგისია. ბევრმა სპორტსმენმა ამ მიზეზების გამო ოლიმპიური სოფელი დატოვა და სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად. ეს არის რეალობა, რომელიც, შესაძლოა, ბევრმა არ იცის“.
ვირუსულად გავრცელებულ ფოტოს, თითქოს ტომას ჩეკონს თავშესაფარი არ აქვს, იტალიის ცურვის ფედერაცია მოკლე წინადადებით გამოეხმაურა: „მან მხოლოდ ჩათვლიმა“.