იტალიელი ჟურნალისტი - ქართველების გარდა, საბჭოეთში ყველა რუსულ სტილში თამაშობდა, „დინამოს“ წარმატება კრემლს არ ახარებდა #1TVSPORT
იტალიელი ჟურნალისტი - ქართველების გარდა, საბჭოეთში ყველა რუსულ სტილში თამაშობდა, „დინამოს“ წარმატება კრემლს არ ახარებდა #1TVSPORT

ვარაცხელიას წარმატებულმა თამაშით მოხდა ის, რაც ვერავინ მოახერხა – ხვიჩას გამო იტალიელები უყურებენ ეროვნული ლიგის მატჩებს, გაიგეს ბათუმისა და თბილისის „დინამოების“ არსებობა, ჩვენი ქვეყნით დაინტერესდნენ და ახლა უკვე ქართული ფეხბურთის ისტორისაც გადახედეს.

ანდრეა ესპოზიტო იტალიელი ჟურნალისტია, დაამთავრა ნეაპოლის უნივერსიტეტი. ქართულ ფეხბურთსა და საქართველოში ამ სპორტის სოციალურ და პოლიტიკურ დატვირთვაზე ესპოზიტომ ისეთი საინტერესო ანალიზი გააკეთა, რომლის მსგავსსაც უცხოურ მედიაში იშვითად შეხვდებით. თუმცა, ამ წერილში ყველაზე წარმატებულ ქართულ გუნდზე, 1981 წლის 13 მაისის „დინამოზე“ არაფერი წერია.

ქართული ფეხბურთის ლეგენდა სსრკ-დან დღემდე

ქართული ფეხბურთი სსრკ-ს დროს

ფეხბურთი ყოველთვის უყვარდათ საბჭოთა კავშირში – ძალიან მრავალეროვნულ ტერიტორიაზე, სადაც ყველას თავისი ტრადიციები ჰქონდა. თუმცა, ფეხბურთში იყო საერთო მახასიათებელი, კერძოდ, რუსეთის ძლიერი გავლენა სსრკ-ს ძირითადი გუნდების თამაშის სტილზე, რომელთა შორის იყვნენ მინსკის „დინამო“ და კიევის „დინამო“ და რა თქმა უნდა, მოსკოვის ორი გუნდი, რომლებიც გარემოებების ძალით იყვნენ გამარჯვებების მაგალითი და ბევრი ბაძავდა. თუმცა, ამ „სიმღერაში“ იყო ხმა, გუნდი და ტერიტორია, რომელიც რუსული თამაშის სტილისგან განსხვავდებოდა – თბილისის „დინამო“, ქართული ფეხბურთის მოდელი, გუნდი, რომელიც დაიბადა მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ამ ხალხის იდენტობა წარმოეჩინა.

ქართველებს საბჭოთა ტერიტორიის სხვა ტერიტორიებისგან სრულიად განსხვავებული მიდგომა ჰქონდათ. თბილისის „დინამო“ იყო საქართველოში დაბადებული და ჩამოყალიბებული გუნდი, რომელსაც ძალიან ძლიერი ეროვნული განცდები ჰქონდა. გუნდი დიდი ხნის განმავლობაში აწუხებდა ცენტრალურ ხელისუფლებას სსრკ-ს დანარჩენი რესპუბლიკებისგან სრულიად განსხვავებული სულით. მათ კარგად ესმოდათ, რამხელა გავლენა ჰქონდა ფეხბურთს ადგილობრივ იდენტობისა და ქვეყნის სიამაყეზე – ისევე, როგორც არგენტინასა და ბრაზილიაში. ცივი ომის ეპოქაში სსრკ-ს ნაკრებში სულ უფრო მეტი ქართველი ფეხბურთელის მიწვევა დაიწყეს. გუნდურ როლებს მოედანზე და მის ფარგლებს გარეთ რუსებს აკისრებდნენ, მაგრამ საბჭოთა კავშირი წლების განმავლობაში იყენებდა ქართველებს, როგორც წარმომადგენლობით „არასაბჭოთა“ და „არასლავურ“ ფიგურებს კოლონიალური სამყაროს მიმართ ჯანსაღი ნათესაობის დემონსტრირებისთვის. თუმცა, ფეხბურთთან დააახლოებამ ქართველები საბჭოთა სტილს უფრო დააშორა და უფრო და უფრო დაუახლოვა სამხრეთამერიკულს. ამის კულიმინაცია 1961 წელს ბრაზილიისა და საბჭოთა ნაკრებების მატჩი იყო.

ქართული ფეხბურთი ესთეტიკასა და ეფექტურობას შორის

თბილისის „დინამო“ თამაშობდა ტექნიკურ ფეხბურთს, რომელშიც დრიბლინგი და ხარისხი იყო მთავარი ელემენტი, რაც სრულიად ეწინააღმდეგებოდა საბჭოთა ფეხბურთის ფიზიკურ ძალასა და სიხისტეზე დამყარებულ თამაშს. ეს იყო უწყვეტი ცეკვა ბურთით და ტიპური ქართული ცეკვების მოდელით. კრემლს მოსკოვშიც სურდა ამის წარმოდგენა, რათა ეჩვენებინა საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ხალხის კუთვნილება. თუმცა, განსხვავება მკვეთრი და თვალშისაცემი იყო: ქართული ფეხბურთი ბევრად უფრო ჰგავდა სამხრეთ ამერიკის ფეხბურთს, ვიდრე საბჭოურს – იმდენად, რომ ქართველებს ადარებდნენ 1920-იანი წლების დიდ ურუგვაის ნაკრებს. და ასეთ თამაშში გამოხატული გრძნობები სცილდებოდა იმ საზღვრებს, რასაც საბჭოთა ხელისუფლება ამკვიდრებდა.

როგორც ყველაფერი იმ დროს, მათ შორის, „დინამოც“, დაკავშირებული იყო სამთავრობო საქმეებთან, კერძოდ, ლავრენტი ბერიას ფიგურასთან, გარემოცვის წევრთან და სსრკ-ში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურასთან. 1953 წელს, სტალინის გარდაცვალების შემდეგ, გუნდი პატრონის გარეშე დარჩა. თუმცა, ამან ოდნავადაც არ იმოქმედა თბილისური გუნდის სახესა და სიძლიერეზე, რომელმაც სსრკ-ს ჩემპიონის ტიტული დაკარგა მას შემდეგ, რაც კრემლის წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილებით იძულებული გახდა, მოსკოვის „ტორპედოსთან“ უკვე მოგებული მატჩი განმეორებით ჩაეტარებინა. წმინდა პოლიტიკური მოტივებით, კრემლი რუსულ ფეხბურთზე ქართველების გამარჯვებას კეთილგანწყობით არ შეხვედრია.

თუმცა, მთავრობამ ვერაფერი გააკეთა 1964 წელს, როდესაც „ოქროს ბიჭებმა“ საბოლოოდ მოიგეს სსრკ ჩემპიონატი – მანამდე ოთხჯერ მეორე ადგილზე გავიდნენ. ამ მოგებით შური იძიეს 1953 წლის მოვლენებზე და ამაღლდნენ საკულტო გუნდის იმ თითქმის მითოლოგიურ სტატუსამდე, რომელსაც შემდეგ სიმღერები და ფილმები მიუძღვნეს. თბილისელთა წარმატება მხოლოდ საფეხბურთო ტრიუმფი არ იყო. ეს იყო ქართველი ხალხის ტრიუმფი საბჭოთა სამყაროზე, ეროვნული სიამაყე, რომელიც შეიძლება მაშინდელი გულშემატკივრის სიტყვებმა კარგად ახსნას – „ამიერიდან ევროპაში ფეხბურთზე ქართული აქცენტით ისაუბრებენ“. უმაღლეს ლიგაში ქართული ფეხბურთის წარმატებები დიდი იდეოლოგიური წნეხის გამო კრემლის ხელისუფლებას ძლიერ აშფოთებდა და თბილისის „დინამოს“ ყოველი გამარჯვება საკმარისი იყო კავშირში უკმაყოფილების გამოწვევისთვის. ამასთან, გუნდის გულშემატკივრებს მობეზრდათ, რომ მათი იდენტიფიცირება ხდებოდა არა ქართულ, არამედ საბჭოთა და რუსული გუნდადაც კი. ამან გამოიწვია ძლიერი განხეთქილება – მაყურებელს სურდა, რომ ყველას დაემახსოვრებინა, რომ „დინამო“ ქართველი გუნდი იყო.

სსრკ-ს დასასრული

მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ესკალაციამ და საკუთარი ქვეყნის სახელთან (და არა საბჭოთა კავშირთან) იდენტიფიცირების ძლიერმა სურვილმა აიძულა ქართული ფეხბურთის ყველაზე წარმომადგენლობითი გუნდი 1990 წელს სსრკ ჩემპიონატიდან გამყოფილიყო. ამის შედეგები, როგორც ჩანს, აისახა გადამწყვეტ „სეპარატისტულ შეტევაში“, რომლის კულიმინაციაც 1991 წელი გახდა. ქართული ფეხბურთი, საბოლოოდ მოშორდა კრემლის წნეხს და იმ დროის ორი საუკეთესო ტალანტი გამოაჩინა – გიორგი ქინქლაძე და შოთა არველაძე (საქართველოს ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი). ნაკრებმა, როგორც იქნა, საქართველოს სახელით თამაში დაიწყო.

თუმცა, როდესაც საქართველომ დაიწყო სახელმწიფოდ ჩამოყალიბება, მსოფლიო ფეხბურთი ძალიან შორს წავიდა და ტექნიკური ხარისხი, რომელიც ყოველთვის გამოარჩევდა ქართველებს, წლების განმავლობაში დაიკარგა. სამხრეთ ამერიკულ ფეხბურთზე ლაპარაკი აღარ შეიძლებოდა, არ იყვნენ მოთამაშეები, რომლებიც ცეკვავდნენ, როგორც ტიპიურ ქართულ ცეკვებში. საჭირო იყო იმ სახის აღდგენა, რომელიც წლების განმავლობაში ჯადოსნური, თითქმის მითოლოგიური იყო. ამ აღორძინების სიმბოლო, უდავოდ, იყო კახა კალაძე. „მილანის“ ყოფილი მცველი იყო პირველი და ერთადერთი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც მოიგო ევროპასა და მსოფლიოში „როსონიერის“ მაისურით და პირველი მოთამაშე ყოფილი საბჭოთა კავშირიდან ანდრეი შევჩენკოსთან ერთად, რომელმაც მოიგო იტალიური და ევროპული ტიტულები. თითქოს საქართველოში ფეხბურთსა და პოლიტიკურ მოვლენებს შორის ძლიერი კავშირის დასადასტურებლად, დღეს კალაძე თბილისის მერია, ქალაქი, სადაც ქართული ფეხბურთი მაქსიმალურად გაბრწყინდა.

ახლა, მრავალწლიანი იმედგაცრუების შემდეგ, როდესაც ჯანო ანანიძემ მნიშვნელოვან დონეზე ვერ ითამაშა, ქართულმა ფეხბურთმა, როგორც ჩანს, ისევ იპოვა ადამიანი, რომელსაც შეუძლია ბურთით ცეკვა, როგორც ამას ადრე აკეთებდნენ. არ ვიცით, რა ელის ხვიჩა კვარაცხელიას მომავალში, რადგან 21 წლის ასაკში ნაადრევია რაიმე პროგნოზისა და ანალიზის გაკეთება, მაგრამ საქართველოს კიდევ ერთხელ ჰყავს ლოკომოტივი, რომელსაც შეიძლება ფეხბურთის აღორძინების მატარებელი მიაბან – იმ ქართული ფეხბურთის, სადაც ბურთით ცეკვავენ“, – წერს ახალგაზრდა იტალიელი ჟურნალისტი.