იტალიელი ჟურნალისტი - „ნაპოლიმ“ დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც პსჟ-ს ოსიმენისა და კვარაცხელიას ტრანსფერზე უარი უთხრა #1TVSPORT
„ნაპოლიმ“ დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც ვიქტორ ოსიმენისა და ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე უარი თქვა – ამის შესახებ ჟურნალისტმა ენცო ბუჩონმა „რადიო ნაპოლის“ გადაცემა „გოლში“ ისაუბრა.
„არიან ფეხბურთელები, რომელთა გუნდში დარჩენისთვის ანტონიო კონტე იბრძოდა. უპირველეს ყოვლისა, ესენი არიან ჯოვანი დი ლორენცო და ხვიჩა კვარაცხელია. „ნაპოლის“ მწვრთნელი ახალი გუნდის შენებას მათ გარშემო აპირებს. თუმცა, ბოლო თვეების განმავლობაში ორივეს ტრანსფერი რეალური იყო.
დაძაბულობის მომენტები გაჩნდა ხვიჩას მამისა და მისი აგენტის განცხადებების გამო, მაგრამ კონტეს მოსვლამ ვითარება დაამშვიდა. იყო დრო, როცა „ნაპოლის“ შეეძლო, კვარაცხელიასა და ოსიმენის ტრანსფერში 200 მილიონ ევროზე მეტი მიეღო.
ეს წარმოუდგენელი წინადადება „ნაპოლის“ „პარი სენ-ჟერმენმა“ შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო. ნეაპოლელთა ხელმძღვანელობის ადგილზე მე მათ გავუშვებდი და ტრანსფერიდან მიღებული 200 მილიონით რამდენიმე ძლიერ ფეხბურთელს შევიძენდი. დი ლორენცოს გაყიდვა გუნდისთვის მტკივნეული იქნებოდა, მაგრამ ეს საჭირო იყო.
მოკლედ, „ნაპოლიმ“ შეცდომები დაუშვა. ახალი გუნდის ასაშენებლად საუკეთესო მოთამაშეები უნდა გაეყიდა და საქმე ნულიდან დაეწყო. ეს არ იქნებოდა პირველი შემთხვევა, როდესაც „ნაპოლი“ საუკეთესო ფეხბურთელებს სხვების შესაძენად გაყიდდა, მაგრამ კლუბმა სხვა გზა აირჩია“, – განაცხადა იტალიელმა ჟურნალისტმა.