იტალიელი ჟურნალისტი - კვარაცხელიას პენალტის შესრულების დროს სტრატეგია უნდა შეეცვალა #1TVSPORT
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა, პაოლო ესპოზიტომ ჩემპიონთა ლიგაზე „ნაპოლისა“ და „მილანის“ მატჩზე კომენტარი გააკეთა. მან ყურადღება მსაჯის არასწორ გადაწყვეტილებაზე და ხვიჩა კვარაცხელიას მიერ შესრულებულ პენალტზე გაამახვილა.
გადაცემა Il Ring del Pallone-ში ესპოზიტომ არ დამალა იმედგაცრუება „ნაპოლის“ დამარცხების გამო და ხაზი გაუსვა „მილანის“ კარში არდანიშნული პენალტის ეპიზოდს, რომელსაც მან სკანდალური უწოდა.
„მატჩი „ნაპოლიმ“ მოულოდნელად დაიწყო, „მილანი“ წნეხის ქვეშ მოაქცია. ლეაომ ლოსანოზე თამაშის წესი დაარღვია, რომელიც „ნაპოლის“ სასარგებლოდ პენალტით უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ვიდეორეფერიმ ასე არ ჩათვალა, არადა, ამას შეეძლო, მატჩის მსვლელობა „ნაპოლის“ სასარგებლოდ შეეცვალა. ეს იყო მკაფიო პენალტი. შემიძლია გავამართლო მარჩინიაკი (მსაჯი) იმით, რომ მომენტი ვერ დაინახა, მაგრამ რატომ არ შეატყობინა ვიდეორეფერიმ? სკანდალური ის არის, რომ, შესაძლოა, თამაშის სურათი „ნაპოლის“ სასარგებლოდ შეცვლილიყო.
რაც შეეხება კვარაცხელიას მიერ შესრულებულ პენალტს, ის, ფაქტობრივად, ყოველთვის ერთსა და იმავე კუთხეში ურტყამს და ალბათ სტრატეგია უნდა შეეცვალა. სამწუხაროდ, ამ შეცდომამ „ნაპოლის“ იმედები გადაუწურა.
ყველაფრის მიუხედავად, „ნაპოლის“ ქება ეკუთვნის იმის გამო, რაც გუნდმა სერია A-ში გააკეთა, სადაც ისინი დიდი უპირატესობით ლიდერობენ. იტალიის ჩემპიონატი Giro d’Italia-ს ჰგავს, სადაც ყოველთვის უძლიერესები იმარჯვებენ“, – განაცხადა პაოლო ესპოზიტომ.