იტალიელი ჟურნალისტი - კვარაცხელიას „ნაპოლიდან“ „ბარსელონაში“ გადასვლა სურს #1TVSPORT
იტალიელი ჟურნალისტი - კვარაცხელიას „ნაპოლიდან“ „ბარსელონაში“ გადასვლა სურს #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიას ახალი გამოცდილების მისაღებად ნეაპოლიდან „ბარსელონაში“ წასვლის სურვილი აქვს. ამის შესახებ ტელეკომპანია RAI-ს ექსპერტმა ჩირო ვენერატომ Campania Sport-ის ეთერში ისაუბრა.

„კვარაცხელიას კონტრაქტის განახლებისთვის ფეხბურთელის მენეჯერი ხელფასის სახით წელიწადში რვა მილიონ ევროს ითხოვს, „ნაპოლი“ კი, მაქსიმუმ, ექვსი მილიონის გადახდაზე თანხმდება. მაგრამ პრობლემა არა ხელფასის ოდენობა, არამედ ტრანსფერის გამოსასყიდი თანხაა – ახალ ხელშეკრულებაში ნეპოლელებს სურთ, გამოსასყიდ თანხად 100 მილიონი ევრო მიუთითონ, მოთამაშის გარემოცვა კი ითხოვს, ეს თანხა დაახლოებით 80 მილიონ ევრომდე იყოს.

კვარაცხელიას აგენტი ემყარება იმას, რომ პსჟ-მა ფეხბურთელს ხელფასის სახით 13 მილიონი ევრო შესთავაზა, დე ლაურენტისი კი პარიზელების პასუხს ელის, რომლებმაც ტრანსფერში 120 მილიონი ევროს გადახდისგან თავი შეიკავეს. „ნაპოლიში“ იციან, რომ კვარაცხელიას წასვლა სურს, მაგრამ პრობლემაა ისეთი გუნდის პოვნაა, რომელიც ფეხბურთელისა და იტალიური კლუბის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

ხვიჩას აგენტი მამუკა ჯუღელი „ბარსელონას“ ხელმძღვანელობას შეხვდა და სავარაუდო ტრანსფერზე ისაუბრეს. კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობამ დაადასტურა, რომ მარცხენა ფლანგის ფეხბურთელის შეძენა სურთ. ასე რომ, ივნისში ხვიჩას ტრანსფერი მოსალოდნელია, მაგრამ არა იმ თანხად, რაზეც დე ლაურენტისი ოცნებობს“, – განაცხადა ჩირო ვენერატომ.