იტალიელების მოგზაურობა საქართველოში - იქ მარტო ხვიჩა არ არის, ამ ქვეყანაში კიდევ ბევრი ტალანტია #1TVSPORT
იტალიელების მოგზაურობა საქართველოში - იქ მარტო ხვიჩა არ არის, ამ ქვეყანაში კიდევ ბევრი ტალანტია #1TVSPORT

იტალიურმა ინტერნეტ-პორტალმა cronache di spogliatoio-მ საინტერესო წერილი გამოაქვეყნა ქართულ ფეხბურთზე, სადაც წერია, რომ კავკასიურ ქვეყანაში ხვიჩა კვარაცხელიას გარდა, სხვა ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი თამაშობს.

მოგზაურობა ტალანტებით სავსე საქართველოში

თბილისის ცა განათებულია, მაგრამ არა მარტო კვარაცხელიას ვარსკვლავი ანათებს. ქართული ფეხბურთი „ოქროს ხანაში“ შედის. „კვარადონა“ – ეს უკვე ცნობილია და ახალი ამბავი აღარაა. „ლივერპულთან“ მატჩში მან ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი რამდენჯერმე ბავშვივით მოატყუა. მას თავადაც გააქვს გოლები და სხვებსაც ატანინებს. ამ ყველაფრით კი სიამოვნებას იღებს ქალაქში, სადაც მარადონას აღმერთებენ, ბავშვები მხოლოდ მის მაისურებს ყიდულობენ.

ხვიჩამ ქართული ფეხბურთი ყურადღების ცენტრში მოაქცია. კვარაცხელია სხვა გარემოში გაიზარდა. ათი წლის წინ აშენებულ „დინამო თბილისის“ აკადემიაში, იქ მოზარდის განვითარებისთვის ყველა პირობაა – მოედნები, სპორტული დარბაზი, საცურაო აუზები და სკაუტთა ჯგუფი, რომელიც დეტალურად აკვირდება ქვეყნის გამორჩეულ ბავშვებს.

უძლეველი საქართველო

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლია, „ბაიერნისა“ და საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მცველი, 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ერთ-ერთი პენალტის შემსრულებელი. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდში, მისმა გაწვრთნილმა გუნდმა თბილსიში ​ესპანეთი ანერვიულა და შვედეთი დაამარცხა. პირველ ადგილზე გავიდა ერთა ლიგის C დივიზიონში, სადაც გიბრალტართან, ჩრდილოეთ მაკედონიასთან და ბულგარეთთან 5 მოგება და ერთი ფრე დაუგროვდა. 2022 წელს საქართველოს ნაკრებს არ წაუგია. ამჟამად გუნდი ფიფას რეიტინგში 78-ე ადგილზეა, 1998 წელს კი საქართველო 42-ე პოზიციაზე იყო, სწორედ მაშინ იწყებდა ნაკრებში ​თამაშს კახა კალაძე.

ტალანტები

საქართველოს ნაკრები საკმაოდ კარგი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული. ხვიჩას გარდა, იტალიაში თამაშობს ლუკა ლოჩოშვილი, თბილისის „დინამოს“ აკადემიაში აღზრდილი ცენტრალური მცველი. კიდევ ერთი გამორჩეული მოთამაშეა ზურიკო დავითაშვილი, 2001 წელს დაბადებული შემტევი გარემარბი, კვარაცხელიას ერთ-ერთი საუკეთესო ბავშვობის მეგობარი დინამოს“ აკადემიიდან. გასულ წელს ისინი ერთად თამაშობდნენ ბათუმის „დინამოში“.

დავითაშვილი ამჟამად „ბორდოშია“ – საგულისხმოა, რომ ევროპაში მას შემდეგ მოხვდა, რაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, უეფას მიერ მინიჭებული უფლებით ისარგებლა, ტულის „არსენალი“ დატოვა და ევროპაში შანსი მიიღო. მეკარე გიორგი ლორიას გვერდით იზრდება 2000 წელს დაბადებული გიორგი მამარდაშვილი, რომელიც ესპანური „ვალენსიას“ ძირითადი მეკარეა. მამარდაშვილიც „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია.

უფრთხილდით ჩაკვეტაძეს

საქართველოს ნაკრებში თამაში აირჩია 2001 წელს დაბადებულმა გიორგი წიტაიშვილმა. საქართველომდე ის უკრაინის 19-წლამდელთა ნაკრებში თამაშობდა და ამ გუნდთან ერთად ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, სადაც გადამწყვეტი გოლი გაიტანა. კიევის „დინამომ“ წიტაიშვილი იჯარით ​პოზნანისლეხში“ გაუშვა.

აღსანიშნავია „ცრვენა ზვეზდას“ 22 წლის მცველი ირაკლი აზაროვი, „მეცის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე (22 წლის) და გიორგი ჩაკვეტაძე – კარგი დრიბლინგის მქონე მოთამაშე, რომელზეც რამდენიმე წლის წინ დიდ იმედებს ამყარებდნენ. გიორგიმ ბრწყინვალედ ითამაშა ერთა ლიგის პირველ გათამაშებაში, ნაკრებში ხუთი გოლი აქვს გატანილი, მაგრამ ტრავმებმა მის წინსვლას ხელი შეუშალა. ახლა ბრატისლავისსლოვანშია“ და კვლავ ცდილობს ძველ სიმაღლეზე დაბრუნებას.