იტალიაში საქართველოს მოქალაქე პოლიციისთვის წინააღმდეგობის ბრალდებით დააკავეს
იტალიაში იარაღის უკანონო ტარებისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს. იტალიური მედიის ინფორმაციით, 21 წლის მამაკაცი კარაბინერებმა ნეაპოლში აიყვანეს.
გამოძიების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქემ რამდენიმე პირთან ერთად ავტობუსის გაჩერებაზე მიიქცია პოლიციის ყურადღება. სამართალდამცველების მიახლოებისთანავე მამაკაცი გაქცევას შეეცადა, თუმცა პოლიციელებმა მისი დაკავება შეძლეს. ჩხრეკის შედეგად მას ბელგიაში წარმოებული 5,7 კალიბრიანი პისტოლეტი და 25 ვაზნა აღმოაჩნდა.
დაკავებული საქართველოს მოქალაქე ამჟამად ციხეშია გადაყვანილი. მას ბრალად იარაღის უკანონო ტარება და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა წაუყენეს.