იტალიაში ქართული გოლი 5 წლის შემდეგ გავიდა - კვარაცხელიამდე მჭედლიძემ „მილანს“ გაუტანა [ვიდეო] #1TVSPORT
სერია „ა“-ში ხვიჩა კვარაცხელიამ სადებიუტო შეხვედრა შესანიშნავად ჩაატარა – იტალიის ჩემპიონატის პირველივე ტურში „ნაპოლის“ ახალწვეულმა „ვერონასთან“ გასვლაზე მოგებულ (5:2) მატჩში გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა.
მსოფლიოს ტოპ-5 ლიგიდან ერთ-ერთ საუკეთესოში ქართველმა ფეხბურთელმა ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ითამაშა. ბოლოს იტალიის ჩემპიონატში ლევან მჭედლიძე 2018 წლის 25 ნოემბერს „ემპოლის“ ფორმით „ატალანტას“ წინააღმდეგ გამოჩნდა.
ასევე საქართველოს ნაკრების ფორვარდი იყო ბოლო ქართველი კვარაცხელიამდე, რომელმაც იტალიაში გოლი გაიტანა. ეს 5 წლის წინ მოხდა – 2017 წლის 23 აპრილს „სან-სიროს“ სტადიონზე ლევან მჭედლიძემ „მილანს“ გაუტანა (მე-40 წუთზე). კარში კი ჯანლუიჯი დონარუმა იდგა, რომელიც შემდეგ ევროპის ჩემპიონი გახდა.
მჭედლიძემ სწორედ ამ მატჩის მეორე ტაიმში უმძიმესი ტრავმა მიიღო და 53-ე წუთზე შეცვალეს. ამან ცუდი დაღი დაასვა ნიჭიერი ქართველი თავდამსხმელის კარიერას და საბოლოოდ, იძულებული გახდა, საქართველოში ჩამოსულიყო.