იტალია საუკეთესოა, ფარერებმა გაგვასწრეს - ქართული ლიგა მსოფლიოში 75-ე ადგილზეა
იტალია საუკეთესოა, ფარერებმა გაგვასწრეს - ქართული ლიგა მსოფლიოში 75-ე ადგილზეა

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IFFHS) მსოფლიოში 2020 წლის საუკეთესო ეროვნული ლიგების რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ეროვნულმა ლიგამ 80 საუკეთესოში ადგილი შეინარჩუნა, მაგრამ მხოლოდ 75-ე პოზიციაზეა.

14 წლის შემდეგ, IFFHS-მ იტალიის სერია A კვლავ მსოფლიოში საუკეთესო ეროვნულ ლიგად გამოაცხადა. იტალია მსოფლიო ლიგაში 1991-2006 წლებში დომინირებდა და საუკეთესო 10-ჯერ გახდა, შემდეგ კი ინგლისმა და ესპანეთმა აჯობეს.

ბრაზილია სამხრეთ ამერიკაში კვლავ საუკეთესოა და სოფლიოში მესამე ადგილს ოთხი წლის განმავლობაში ინარჩუნებს, მაგრამ ამ სიაში ბევრი უცნაურობაა – მაგალითად, ის, რომ ბრაზილიის ჩემპიონატი ესპანეთის, გერმანიის და საფრანგეთის ლიგებზე წინ არის, სადაც საუკეთესო ბრაზილიელი ლეგიონერები თამაშობენ.

პარაგვაი 2020 წელს მე-8 ადგილზე გადავიდა, რაც ამ ქვეყნისთვის საუკეთესო შედეგია IFFHS-ს მიერ მსოფლიო ლიგების რეიტინგის შექმნის შემდეგ – 1991 წლიდან. ეკვადორის ჩემპიონატი ტოპ 10-ში ისტორიაში პირველად მოხვდა.

საქართველოს ჩემპიონატმა კი უკუსვლა განიცადა და 75-ე ადგილზე დაქვეითდა, როდესაც ერთი წლით ადრე 51-ე ადგილზე იყო. სამწუხაროდ, ორგანიზაციის შეფასებით, ეროვნული ლიგა ჩამორჩა ლატვიას (52), ესტონეთს (54), ჩრდილოეთ ირლანდიას (58), ზამბიას (65), მოლდოვას (66), გვატემალას (67), ლიეტუვას (68), სუდანს (69), სომხეთს (71), ტანზანიასა (72) და ფარერების კუნძულებს (73).

2020 წლის მსოფლიოს ტოპ 10 ლიგა – IFFHS რეიტინგი

(2020 წლის 1 იანვარი – 2020 წლის 31 დეკემბერი)

1 იტალია

2 ინგლისი

3 ბრაზილია

4 ესპანეთი

5 გერმანია

6 პორტუგალია

7 საფრანგეთი

8 პარაგვაი

9 არგენტინა

10 ეკვადორი

————————–

75 საქართველო