ისტორიული შედეგი იუნიორთა ევროპის ჩემპიონატზე - საქართველოს კუდოს ნაკრებმა ცხრა მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ისტორიული შედეგი იუნიორთა ევროპის ჩემპიონატზე - საქართველოს კუდოს ნაკრებმა ცხრა მედალი მოიპოვა #1TVSPORT

ცხრა მედალი, სპეციალური პრიზები და ქართველი MVP-ი – საქართველოს კუდოს ნაკრებმა მალტაზე გამართულ ევროპის ჩემპიონატზე იუნიორთა შორის ისტორიული შედეგი დააფიქსირა.

საქართველოდან სხვადასხვა ასაკსა და კატეგორიაში ათმა კუდოისტმა იასპარეზა, მედალი კი ცხრა სპორტსმენმა მოიპოვა. ჯამში კი, ჩვენმა ნაკრებმა ხუთი ოქროს, სამი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.

ორ წონაში ქართული ფინალი შედგა. ანდრია ზუხბაია ნიკოლოზ ჟვანიას დაუპირისპირდა (U13, 52+ კგ) და გაიმარჯვა, გოგა სიჭინავა კი ლადო აფრასიძეს (U16, -58 კგ) შეხვდა. აფრასიძემ მეორედ იზეიმა ევროპის ჩემპიონობა.

ტურნირის MVP-ი საბა მარკელია (U16, – 42 კგ) გახდა, საბამ ყველა ბრძოლა ნოკაუტით მოიგო. საუკეთესო ტექნიკური მაჩვენებლებისთვის გუკა ხუბუტია (U16, – 48კგ) დააჯილდოვეს. საქართველოს ღირსებას გოგონებს შორის იცავდა ანჟელა მომცელიძე (U16, -63კგ), რომელმაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

საქართველოს დელეგაციას კუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსი ფილფანი ხელმძღვანელობს. ახალგაზრდა კუდოისტებთან ერთად იმყოფებიან საქართველოს კუდოს ფედერაციის მთავარი ინსტრუქტორი დავით ყოლბაია, კუდოს მწვრთნელი რომეო გაბელაია და კუდოს ფედერაციის საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელი ლუკა ყოლბაია. წარმატებული ასპარეზობის შემდეგ ნაკრები სამშობლოში 6 თებერვალს დაბრუნდება.