საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგა 2022-ის მეორე შეხვედრა გამართა ბულგარეთთან, რომელიც ჩვენს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე უხერხულ მეტოქედ მიიჩნეოდა – წაგებული გვაქვს ორჯერ 2:6, შარშან კი 1:4 ერთი ამოსუნთქვით მოგვიგეს.
გიბრალტართან იოლი მოგების შემდეგ საინტერესო იყო, რას შეცვლიდა ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში და გაცილებით ძლიერ მეტოქესთან გუნდი როგორ ითამაშებდა. უნდა ითქვას, რომ მისმა შეცვლებმა სრულად გაამართლა.
ფრანგმა მწვრთნელმა რაზგრადის „ლუდოგორეც არენაზე“ 5 მოთამაშე შეცვალა. უცვლელად კარში გიორგი ლორია დააყენა და გიორგი მამარდაშვილი ისევ სკამზე დატოვა. პირველი მატჩის შემდეგ სანიოლმა დაასვენა გიორგი ჩაკვეტაძე, საბა ლობჟანიძე, ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი წიტაიშვილი (მცირე ტრავმა აქვს) და გიორგი მიქაუტაძე. შემადგენლობაში კი გამოჩნდნენ საბა კვირკველია, ნიკა კვეკვესკირი, ზურიკო დავითაშვილი, ირაკლი აზაროვი და ბუდუ ზივზივაძე.
ცვლილება ის იყო, რომ კვირკველია დადგა დაცვაში კაკაბაძის ნაცვლად, რომელმაც თავის მხრივ მარჯვენა ფლანგზე საბა ლობჟანიძის ადგილი დაიკავა, აზაროვი მარცხენა ფლანგზე წიტაიშვილის ნაცვლად გამოჩნდა, ხოლო დავითაშვილმა ჩაკვეტაძე ჩაანაცვლა.
ლუგოგორეცის „ჰუვეფარმა არენა“ სანახევროდაც არ იყო გავსებული. ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფრეს შემდეგ გულშემატკივრები თავის გუნდზე იმედგაცრუებულები ჩანდნენ. ტრიბუნიდან კი უფრო ქართველი გულშემატკივრების ხმა ისმოდა, რომლებიც უცხოეთში უჩვეულოდ მრავლად იყვნენ და ომახიანად, ლამის მთელი 90 წუთი ამხნევებდნენ გუნდს და მშვენიერ მუხტს ქმნიდნენ.
პირველი სახიფათო მომენტი მე-3 წუთზე კვარაცხელიამ შექმნა, რომლის დარტყმული ბურთიც მცველს მოხვდა და კუთხურზე გადავიდა, მაგრამ ერთ წუთში ანგარიში საქართელოს ნაკრებმა მაინც გახსნა – კვარაცხელიას ჩაწოდებული ბურთი საჯარიმოში დავითაშვილმა მიიღო და თავურით ბურთი „ცხრიანში“ ჩაახვია.
ბულგარეთი თავდაპირველი შოკის შემდეგ გააქტიურდა და პირველი სახიფათო მომენტი დესპოტოვმა შექმნა, მაგრამ კარს ააცილა. მე-15 წუთზე კი გადავრჩით – სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ მეკარესთან ჩოჩევი დარჩა, მაგრამ ლორია კარიდან დროულად გამოვიდა და ბურთი მოიგერია. ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა, თუმცა ვიდეორეფერიმ გოლი არ ჩათვალა.
ბულგარელები უტევდნენ და იქმნებოდა საშიშროება, რომ ანგარიშს გაათანაბრებდნენ. სწორედ ამ დროს გავიდა ჩვენი მეორე გოლი. შეტევა ისევ კვარაცხელიამ წამოიწყო და მარცხენა ფლანგზე ირაკლი აზაროვი მოძებნა, რომელიც საჯარიმოში შევარდა და კარში დაარტყა – ბურთი ანდრეა ხრისტოვისგან კარში აღმოჩნდა და საქართველოს ნაკრებმა კომფორტული უპირატესობა მოიპოვა -0:2.
ბულგარელებმა ყურები ჩამოყარეს. ცდილობდნენ და უტევდნენ, მაგრამ აშკარად იმედგაცრუებულები იყვნენ. ჩვენს ნაკრებს კი მესამეს გატანაც შეეძლო – 45+2-ე წუთზე აზაროვის ჩაწოდებული ბურთი მცველმა ისევ ცუდად მოიგერია, მაგრამ დამატებაზე აბურჯანიამ ახლოდან კარს ააცილა.
მეორე ტაიმი ჩვენმა ნაკრებმა კიდევ უფრო უკეთ ჩაატარა. ბულგარელებმა მაღალი პრესინგით დაიწყეს, ვითარების გამოსწორება სცადეს. ივან ტურიცოვის გადაცემა ილევმა მიიღო და სხვაობა შეამცირა.
თუმცა ერთ წუთში აზაროვისა და აბურჯანიას განვითარებული სწრაფი კონტრშეტევა ბუდუ ზივზივაძემ გოლით დააგვირგვინა და საქართველოს ნაკრების ორბურთიანი უპირატესობა აღადგინა.
57-ე წუთზე კი ხვიჩა კვარაცხელია საჯარიმოში შევარდა, მცველმა წააქცია და მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც თავად ხვიჩამ შეასრულა. ბულგარელთა მეკარემ დარტყმის მიმართულება გამოიცნო, მაგრამ კვარაცხელიამ ორი საგოლე გადაცემის შემდეგ გოლიც გაიტანა – 1:4.
ამის შემდეგ ვილი სანიოლმა შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და მოედანზე გამოსულმა მოთამაშეებმაც შექმნეს გოლი – აზაროვმა ბურთი გიორგი მიქაუტაძეს გადააწოდა, რომელიც საჯარიმოში შეძვრა, დარტყმა შეეძლო, მაგრამ კარის წინ ვაკო ყაზაიშვილი მოძებნა და მან მასპინძელთა კარი მეხუთედ აიღო – რაზგრადში სასწაული ხდებოდა.
83-ე წუთზე საქართველოს ნაკრების კარი ბულგარელებმა მაინც აიღეს. კუთხურის გათამაშების შემდეგ ბადე ილიან სტეფანოვმა შეარხია. საქართველოს ნაკრებს მეექვსეს გატანაც შეეძლო. ვიდეორეფერის დახმარებით 90+1-ე წუთზე მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ნიკა კვეკვესკირმა შეასრულა, მაგრამ ბურთი ძელს მოარტყა.
„ჯვაროსნებს“ ყველაფერი გამოსდიოდათ, თავის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარეს, თუ საუკეთესო არა, და გასვლაზე ასეთი რეიტინგის მქონე გუნდთან ყველაზე დიდი ანგარიშით მოიგეს. ორ მატჩში სანიოლის გუნდმა 9 გოლი გაიტანა და ჯგუფში გალიდერდა. შემდეგ შეხვედრას 9 ივნისს გუნდი სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამართავს.
ბულგარეთი-საქართველო 2:5
ერთა ლიგა 2022/23. C4 ლიგა. II ტური
05.06. რაზგრადი. „ჰუვეფარმა არენა“
გოლები: 0:1 დავითაშვილი (4. კვარაცხელიას პასით), 0:2 აზაროვი (31. კვარაცხელაის პასით), 1:2 ილევი (50, ტერიცოვის პასით), 1:3 ზივზივაძე (51. აბურჯანიას პასით), 1:4 კვარაცხელია (57. პენალტი), 1:5 ყაზაიშვილი (70. მიქაუტაძის პასით), 2:5 სტეფანოვი (83)
გაფუჭებული პენალტი: კვეკვესკირი (90+1. ძელი)
ბულგარეთი: მიხაილოვი – ტურიცოვი (64. ვ. პოპოვი), ა. ხრისტოვი, ნედიალკოვი, იორდანოვი (46. პ. ხრისტოვი) – ნედელევი, ჩოჩევი, მილანოვი (46. სტეფანოვი), დესპოდოვი – მ. მინჩევი, ა. ილიევი
სათადარიგოები: ვუცოვი, დულგეროვი – ჩორბაძიისკი, ფ. კრასტევი, კოსტადინოვი, გ. მინჩევი, მალინოვი, კრაევი, იანკოვი,
მთავარი მწვრთნელი: იასენ პეტროვი
საქართველო: ლორია – კვირკველია, კაშია, ხოჭოლავა – კაკაბაძე (83. კიტეიშვილი), აბურჯანია (74. მამუჩაშვილი), კვეკვესკირი, აზაროვი – დავითაშვილი (74. გვილია), ზივზივაძე (68. მიქაუტაძე), კვარაცხელია (68. ყაზაიშვილი)
სათადარიგოები: მამარდაშვილი, კუპატაძე – ლობჟანიძე, კობახიძე, გიორბელიძე, ალთუნაშვილი, დვალი
მთავარი მწვრთნელი: ვილი სანიოლი
არბიტრი: ფაბიო მარესკა (იტალია)
გაფრთხილებები: დესპოტოვი (32), პ. ხრისტოვი (90+6)