ისტორიული ნახტომი რეიტინგში - საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ათეულს მიუახლოვდა #1TVSPORT
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ისტორიული რეიტინგი დააფიქსირა. უეფა-ს ფუტსალის ამჟამინდელ რეიტინგში, ავთანდილ ასათიანის გუნდი მე-11 ადგილზეა.
ეს ჩვენი ფუტსალის ისტორიაში საუკეთესო შედეგია, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე და იქ წარმატებული ასპარეზობის შედეგია. აღსანიშნავია, რომ ევრო 2022-ის დაწყებამდე გუნდი მე-17 პოზიციას იკავებდა.
საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ავთანდილ ასათიანის თქმით, რეიტინგში უჩვეულო წინსვლა ძალიან მნიშვნელოვან უპირატესობას მოგვცემს.
„ფიფა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს ახალი პრინციპით ატარებს. საქართველოს ნაკრები პირველ კალათაში მოხვდა და რა თქმა უნდა, ეს მეტ შანსს გვაძლევს, რომ ჯგუფში შედარებით სუსტი ნაკრებები შეგვხდეს. ანუ იმის ალბათობა იზრდება, რომ შემდეგი შესარჩევები გავიაროთ“, – ამბობს ავთანდილ ასათიანი.
საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თქმით, გუნდს პროგრესის გაგრძელებსი რესურსი გააჩნია.
„მომავალი შესარჩევი ეტაპები წარმატებით რომ ვითამაშოთ, ამისთვის საჭიროა ძალიან ბევრი შრომა, ამ ემოციური ფონის შემდეგ აუცილებელია ძალიან სწორი ანალიზი და შემდეგი ეტაპებისთვის კარგი მომზადება. მთავარია, რომ ჩანს – ამ ბიჭებს დიდი მიზნებისთვის ბრძოლა შეუძლიათ“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა არსებობის ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე პირველად იასპარეზა. ჯგუფურ ეტაპზე აზერბაიჯანის და ბოსნია-ჰერცეგოვინას ნაკრებებთან გამარჯვების შემდეგ, ავთანდილ ასათიანის გუნდმა ნაადრევად მოიპოვა მეოთხედფინალის საგზური და კონტინენტის რვა საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა.