უეფას ერთა ლიგის პირველი გათამაშება ყაზახეთი – საქართველოს მატჩით იწყება. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის გარდა, ნაკრებ გუნდებს კონტინენტის პირველობაზე მოხვედრის კიდევ ერთი შანსი ეძლევათ. საქართველოს ნაკრებმა ევროპის ყველაზე სუსტ 16 გუნდს შორის საუკეთესო შედეგი უნდა აჩვენოს და ევროპის პირველობის ფინალურ სტადიაზე ითამაშებს.
ისტორიული ტურნირი „ასტანა არენაზე“ იწყება. 2009 წელს აგებული სტადიონი 30 ათას მაყურებელს იტევს. სხვათაშორის სტადიონის გახსნის მატჩში მონაწილეობა კახი კალაძემაც მიიღო. სტადიონზე ხელოვნური საფარია. საშინაო შეხვედრებს აქ ნაკრებთან ერთად ს.კ. „ასტანაც“ ატარებს.
საბჭოთა პერიოდში მეტოქე ქვეყნის საუკეთესო საფეხბურთო კლუბი „ქაირათი“ გახლდათ, რომელმაც პირველად საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში 1960 წელს ითამაშა, საუკეთესო შედეგი მე-7 ადგილი კი 1986 წელს აჩვენა. ყაზახეთმა აზიის საფეხბურთო კონფედერაციიდან უეფას ევროპულ ოჯახში გადმოსვლას 2002 წელს მიაღწია.
ყაზახეთის ნაკრებმა წელს სამი ამხანაგური მატჩი გამართა. 3:2 მოუგო ბუდაპეშტში უნგრეთს, 94-ე წუთზე გაშვებული ბურთის შედეგად დათმო შეხვედრა ბულგარეთში და ბოლოს 5 ივნისს ასტანაში დიდი ანგარიშით 3:0 დაამარცხა აზერბაიჯანი. იმავე დღეს ჩვენმა გუნდმა 0:1 წააგო ლუქსემბურგთან, მაგრამ მანამდე გამართულ 3 ამხანაგურ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მოუგო ლიეტუვას (4:0), ესტონეთს (2:0) და მალტას (1:0). მასპინძელთა ნაკრები ძირითადად ს.კ. „ასტანისა“ და „ქაირათის“ ფეხბურთელებით გახლავთ დაკომპლექტებული.
მარტიდან მასპინძელთა გუნდს 51 წლის ბულგარელი სპეციალისტი სტანიმირ სტოილოვი წვრთნის, რომელიც წინა 4 წლის მანძილზე ს.კ. „ასტანას“ თავკაცობდა. ამ პერიოდში კლუბს არავისთვის დაუთმია ოქროს მედლები, 2015 წელს კი ყაზახური კლუბი ქართული გუნდებისთვის მიუღწეველ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც გაიყვანა.
3 წლის მანძილზე ყაზახეთში ვლადიმერ ვაისიც მუშაობდა. სლოვაკი „ქაირათის“ მთავარი მწვრთნელი გახლდათ. ვაისის დებიუტი საქართელოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში სწორედ ყაზახეთთან შედგა. 2016 წლის 29 მარტს დინამო არენაზე გამართული მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. ერთ ჯგუფში მოხვდნენ გუნდები 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში. ჩვენმა გუნდმა სტუმრად 2:1 მოიგო, შინ კი 0:0 ითამაშა. ერთი ამხანაგური ყაზახებმაც მოიგეს 2013-ში.
მეტოქესთან შედარებით ნაკლები დრო ჰქონდა მოსამზადებლად საქართველოს ნაკრებს. გუნდმა შეკრება თბილისში 3 სექტემბერს დაიწყო და ასტანაში მატჩის წინა დღეს გაემგზავრა. ვაისს ყველა სასურველი ფეხბურთელი ნაკრებში ჯერ არ ჰყოლია და სამწუხაროდ გამონაკლისი არც მომავალი შეხვედრაა. ტრავმის გამო ნაკრების შემადგენლობაში ვერ ვიხილავთ გიორგი მაკარიძეს, ლაშა დვალს და გუნდის ერთ-ერთ ლიდერს ჯანო ანანიძეს. სასიამოვნოა, რომ დიდი ხნის შემდეგ მთავარ გუნდში თორნიკე ოქრიაშვილი და ლევან მჭედლიძე იქნებიან, თუმცა რამდენად შეძლებენ სათამაშო პრაქტიკის არქონის პირობებში ისინი გუნდის სრულფასოვნად დახმარებას რთული სათქმელია.
ყაზახეთსა და საქართველოს შორის მატჩი დღეს 18:00 საათზე დაიწყება. დაპირისპირებას პირველი არხის ეთერში იხილავთ.