ისტორიული მატჩის მოლოდინში - საქართველო VS კაბო ვერდე საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT
ისტორიული მატჩის მოლოდინში - საქართველო VS კაბო ვერდე საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT

დღეს ქართული სპორტის ისტორიაში მნიშვნელოვანი დღეა – ჩვენი ქვეყნის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩს ჩაატარებს. საქართველო იაპონიის კუნძულ ოკინავაზე აფრიკის წარმომადგენელ კაბო ვერდეს დაუპირისპირდება. მატჩი დღეს, 26 აგვისტოს, თბილისის დროით 12 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო (102.3) შემოგთავაზებთ.

 

5 ფაქტი

1. იშვიათი შემთხვევა – მსოფლიო ჩემპიონატზე ერთმანეთის წინაშე ორი დებიუტანტი წარდგება. აფრიკულმა გუნდებმა 21-ე საუკუნეში მუნდიალზე ევროპელებთან 35 მატჩი გამართეს და მხოლოდ სამი მოიგეს. ისიც 4-ზე ნაკლები ქულით.

2. საქართველოს ნაკრებს აფრიკულ გუნდებთან სულ სამჯერ აქვს ნათამაშები. სამივე შემთხვევაში ამხანაგურად. დაამარცხა ტუნისი და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა და წააგო ეგვიპტესთან (2023 წლის მუნდიალის მოსამზადებელ ეტაპზე).

3. აფრიკელებმა მსოფლიო ჩემპიონატების გახსნითი მატჩი ერთადერთხელ მოიგეს. ისიც პირველ, 1950 წლის მუნდიალზე. მაშინ ეგვიპტემ ეკვადორს 73:37 აჯობა.

4. საქართველოს ნაკრები მსოფლიოს შესარჩევი ეტაპის ბოლო 5 მატჩში საშუალოდ 10.4 სამქულიანს აგდებდა. ორქულიანების რეალიზების პროცენტიც მაღალი იყო: 59.5 (88/148).

5. თორნიკე შენგელია საქართველოს ნაკრების ბოლო 5-დან 4 მატჩში საშუალოდ 20-ზე მეტ ქულას აგროვებდა. მისი მომავალი მეტოქე, რეალელი ვალტერ ტავარეში მუნდიალის შესარჩევზე საშუალოდ 14.7 ქულასა და 11.7 მოხსნას აგროვებდა. მაღალი შედეგიანობა ჰქონდა დაფარებებშიც. მაგალითად, ანგოლასთან მატჩში 6 დაფარება ჩაიწერა.

 

საქართველო

საქართველოს ნაკრებს აქამდე მხოლოდ ევრობასკეტებზე აქვს ნათამაშები. გახსნით შეხვედრებში ჩვენმა გუნდმა 3-ჯერ მოიგო და ორჯერ დამარცხდა. 2023 წლის მთავარ საკალათბურთო ფორუმს ილიას ზუროსის შეგირდები კარგად მომზადებულები და მობილიზებულები ხვდებიან. როგორც ექიმებმა გვითხრეს, გუნდში ყველა ჯანმრთელადაა.

გიორგი შერმადინი:

„ოკინავაში ჩამოსვლამდე და აქაც მომავალი ტურნირისთვის ინტენსიურად ვემზადებით. იმედია, ჩვენი მცდელობა სათანადო ნაყოფს გამოიღებს. სასტარტო შეხვედრას კაბო ვერდესთან ვატარებთ. ჩვენმა მწვრთნელებმა კარგად შეისწავლეს ეს გუნდი და სათანადო რჩევა-დარიგებაც მოგვცეს. აფრიკელები, ერთი შეხედვით, ქაოტურ, სწრაფ თამაშზე აკეთებენ აქცენტს. მთავარია, მათ არ ავყვეთ და ჩვენი თამაში ვაჩვენოთ. მოგეხსენებათ, კუნძულელთა ლიდერი ვალტერ ტავარეშია, თუმცა, მადრიდის „რეალისგან“ განსხვავებით, აფრიკელთა მეფარე ნაკრებში ცოტათი განსხვავებული ფუნქციებითაა დატვირთული. კარგად გვესმის, რაოდენ დიდი მისია გვაკისრია და დასახული ამოცანის გადასაჭრელად მზად ვართ“.

 

კაბო ვერდე

ჩვენმა მომავალმა მეტოქემ მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე გუნდებს შორის ყველაზე ნაკლები, 2 საკონტროლო მატჩი ჩაატარა.

აფრიკელებმა ტრენტოს ტურნირზე ჩინეთთან (66:86) და თურქეთთან (63:90) წააგეს.

მათი გუნდის ლიდერია „რეალის“ ცენტრი ედი ტავარეში, რომელზეც ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. თუმცა, როგორც ილიას ზუროსი ამბობს, კაბო ვერდე მხოლოდ ტავარეში არ არის.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი მეტოქე ერთ-ერთი ყველაზე ამოუცნობი გუნდია, ვის წინააღმდეგაც საქართველოს უთამაშია.