ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ნაკრებმა ტიერ 1-ის წარმომადგენელი, იტალია დაამარცხა #1TVSPORT
საქართველოს რაგბის ნაკრებმა ბათუმის არენაზე, ისტორიაში პირველად იტალიის ნაკრებს უმასპინძლა და პრინციპულ მეტოქესთან უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა – 28:19.
„ბორჯღალოსნებს“ იტალიელების წინააღმდეგ ჩატარებული 4 შეხვედრიდან ოთხივე წაგებული ჰქონდათ, შესაბამისად ამ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა – საქართველოს ნაკრებს 6 ერის ტურნირზე შესვლისთვის მტკიცე არგუმენტი სჭირდებოდა, იტალიასთან გამარჯვება კი ამ მხრივ საჭირო იყო.
პირველი ტაიმი ჩვენმა გუნდმა შესანიშნავად ჩაატარა. პირველი ლელო მატჩის მე-11 წუთზე დავდეთ – ვასილ ლობჟანიძემ შერკინების მოგების შემდეგ, ფლანგზე ბურთი უნაკლოდ შეაცურა და სანდრო თოდუამ საქართველოს ნაკრები დააწინაურა – 5:0.
მე-14 წუთზე დავით ნინიაშვილმა იტალიელების დაკიდებული ბურთი მოხსნა, მეტოქის ხაზი გაჭრა და რამდენიმე მეტრის გარბენის შემდეგ პასი თედო აბჟანდაძეს გადააწოდა, რომელმაც შანსი ხელიდან არ გაუშვა, ლელო დადო და გარდასახვაც ზუსტად შეასრულა – 12:0.
მეტოქემ ამის შემდეგ ჩვენი შეცდომებით ისარგებლა და ზედიზედ 13 ქულა მოიპოვა. მიუხედავად ამისა, ტაიმის ბოლოს კვლავ ნინიაშვილის შესანიშნავი თამაშის წყალობით მოვახერხეთ წინ გასვლა. იტალიელების დაკიდებული ბურთის შემდეგ, ჩვენმა 15-მა ნომერმა ჰაერში ორ მეტოქეს აჯობა და მთელი მოედანი გაირბინა, რამდენიმე ფაზის შემდეგ ბურთი კვლავ მან მიიღო, პასი აბჟანდაძეს მისცა, რომელმაც მორიგი ლელო დადო და გარდასახვაც ზუსტად შეასრულა.
ტაიმის ბოლოს იტალიელები სხვაობის შემცირებას ცდილობდნენ, მაგრამ დაცვაში კარგად ვირჯებოდით და პირველი ნახევარი 6-ქულიანი უპირატესობით დავასრულეთ.
მეორე ტაიმში ტემპერატურამ უფრო იმატა. მე-60 წუთამდე გუნდებმა თითო-თითო ჯარიმა გაცვალეს. 69-ე წუთზე კი გელა აფრასიძემ ჩვენი ნახევრიდან ბრწყინვალე ჯარიმა შეასრულა და საქართველოს ნაკრები 9 ქულით დააწინაურა. მატჩის მიწურულს ისევ ჯარიმები გავცვალეთ და საბოლოო ჯამში 9 ქულით გავიმარჯვეთ.
ამრიგად, საქართველოს რაგბის ნაკრებმა ისტორიაში პირველად ტიერ 1-ის წარმომადგენელი დაამარცხა და 6 ერის ტურნირზე შესასვლელად უდიდესი ნაბიჯი გადადგა.