ისტორიული გამარჯვება მსოფლიოს და ევროპის მოქმედ ჩემპიონთან - საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა #1TVSPORT
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო შეხვედრა მსოფლიოს და ევროპის მოქმედ ჩემპიონ პორტუგალიასთან გამართა და ისტორიულ გამარჯვებას მიაღწია – 2:1.
მართალია, ჩვენი გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე ვეღარ ითამაშებს, მაგრამ ეს იყო პრინციპული მატჩი, რადგან პორტუგალიელების და ფინელების საჩივრის გამო, საქართველოს ნაკრებს 6 ქულა ჩამოართვეს და ჯგუფის მეორეადგილოსანი ბოლო პოზიციაზე დაქვეითდა.
თბილისის სპორტის სასახელში გამართულ შეხვედრაში, გარდა ლეგიონერების დიდი ნაწილისა, ჩვენს გუნდს დისკვალიფიკაციის გამო კაპიტანი, მეკარე ზვიად კუპატაძეც დააკლდა.
ანგარიში პორტუგალიელებმა 22-ე წუთზე ნევეშის გოლით გახსნეს. თუმცა, საქართველოს ნაკრებმა არსებობის ისტორიაში საუკეთესო მატჩი ჩაატარა. 33-ე წუთზე ანგარიში ჩიმბამ გაათანაბრა, ხოლო შეხვედრის დასრულებამდე ორი წუთით ადრე ქართული ფუტსალის ამომავალმა ვარსკვლავმა, გიორგი ღავთაძემ გამარჯვების გოლი გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელებს 42 ოფიციალური თამაში არ ჰქონდათ წაგებული და ავთანდილ ასათიანის გუნდმა ეს სერია შეაწყვეტინა.