ისტორიული გადაწყვეტილება - ერგნეთში თანამედროვე სტადიონი აშენდება #1TVSPORT
შიდა ქართლში, ერგნეთში რაგბის სტადიონი თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ინფრასტრუქტურით აშენდება, – ინფორმაციას სამშვიდობო-ჰუმანიტარული სპორტული პროექტის საორგანიზაციო ჯგუფის ორგანიზატორი გიორგი სამხარაძე ავრცელებს.
„მინდა გაგაცნოთ ისტორიული გადაწყვეტილება, რომლის განხორციელებაშიც არაერთი ღამე გვაქვს გათენებული. რამდენი ფინანსები წავიდა ბავშვების გასახარებლად და საქართველოს იმედის მომცემი მუხტის შესანარჩუნებლად. ეს საჯარო პოსტია გულწრფელ ემოციებსა და მადლიერებაზე დაფუძნებული“, – წერს გიორგი სამხარაძე.
ახალგაზრდა საფეხბურთო მსაჯმა წლების წინ დაიწყო ზრუნვა, რომ კონფლიქტის ზონაში მყოფ სოფელ ერგნეთში თანამედროვე სტადიონი აშენებულიყო და საბოლოოდ, ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს.
მისი თქმით, პროექტის განხორციელებაში დიდი როლი ითამაშეს ვეტერანმა მორაგბე დავით კაჭარავამ და რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, სოსო ტყემალაძემ:
„ამ ადამიანების დიდი წვლილია, რომ პროექტი ასეთი ტემპით განვითარდა. ჩვენს რეგიონში საკონფლიქტო ზონის ბავშვებს მზარდი და მძლავრი სურვილი აქვთ, სპორტით დაკავდნენ. აღნიშნული სამშვიდობო პროექტი საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველია, რომელიც ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიასთან, ცხინვალთან ხელის გაწვდენაზე რამდენიმე მეტრში განხორციელდება. ეს იქნება ჩვენს დროებით არაკონტროლირებად ტერიტორიასთან მშვიდობის და დამაკავშირებელი ხიდი”.
სამხარაძის თქმით, სტადიონი აშენების შემდეგ მხოლოდ რაგბს არ მოემსახურება:
„ბავშვების სურვილი რაგბისკენ გადაიხარა და სავარაუდოდ, ეს სახეობა იტვირთავს ფუნქციას, რომ შეითავსოს ბავშვთა და მოზრდილთა სარაგბო კლუბების განვითარება. აღნიშნული ინფრასტრუქტურის გამოყენებით, ფეხბურთის ფედერაციასთან კოორდინაციით და მათი მხარდაჭერით, ბავშვთა ფეხბურთის ხელშეწყობისთვისაც მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება. ეს ყველაფერი კეთდება საქართველოს წარმატებისთვის, რეგიონში სტაბილური მშვიდობის ხელშეწყობის და ბავშვების უკეთესი მომავლისთვის“.