ისტორიაში პირველად - ინგლისის პრემიერლიგის მატჩს ქალი არბიტრი განსჯის #1TVSPORT
ინგლისის პრემიერლიგის ისტორიაში პირველად შეხვედრის მთავარი მსაჯი ქალი იქნება. 23 დეკემბერს „ფულემისა“ და „ბარნლის“ მატჩს რებეკა უელში მოემსახურება.
40 წლის რებეკა უელში ნოემბერში „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „ფულემის“ შეხვედრის დროს მეოთხე არბიტრის ფუნქციებს ასრულებდა. მას ასევე მთავარ მსაჯად აქვს ნამუშევარი ქალთა ჩემპიონთა ლიგასა და მსოფლიო ჩემპიონატზე.
უელშმა სამსაჯო კარიერა 2010 წელს დაიწყო. მიმდინარე წლის იანვარში ის გახდა პირველი ქალი, რომელიც ინგლისის ჩემპიონშიფის (რანგით მეორე დივიზიონი) თამაშზე მთავარი არბიტრი იყო.
„რებეკამ რამდენიმე დიდ მატჩში თავი შესანიშნავად წარმოაჩინა. დარწმუნებული ვარ, პრემიერლიგაშიც ის წარმატებული იქნება. ასევე, გახდება მისაბაძი პიროვნება გოგონებისთვის, რომელთაც სურთ, სამსაჯო კარიერა დაიწყონ“, – განაცხადა ინგლისის პრემიერლიგის სამსაჯო ასოციაციის დირექტორმა, ჰოვარდ ვებმა.