ისტორია I ერთი ნაბიჯი ევროპის ჩემპიონატამდე - გუცაევის 21-წლამდელებმა ევრო 1998-ის მიღმა ინგლისი და იტალია დატოვეს #1TVSPORT
21 ივნისს დაიწყება და 8 ივლისს დასრულდება 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი, რომელსაც საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებენ. თამაშები საქართველოს სამ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას 8 ივლისს „ბათუმი არენა“ უმასპინძლებს.
საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებს ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე უთამაშიათ, მაგრამ 21-წლამდელებს – არასოდეს. ამის რეალური შანსი მათ ორჯერ ჰქონდათ. დღეს პირველ ისტორიას გაგახსენებთ.
გუცაევის თაობა – ერთი ნაბიჯი ევრო 1998-მდე
საკვალიფიკაციო ჯგუფში საქართველოს 21-წლამდე ნაკრები მეორე ადგილზე მხოლოდ ერთხელ, ევრო 1998-ის ჯგუფში გავიდა. ვლადიმერ გუცაევის გაწვრთნილები „სიკვდილის ჯგუფში“ მოხვდნენ. ჩვენი მეტოქეები იყვნენ – ინგლისი, იტალია, პოლონეთი და მოლდოვა. ერთი შეხედვით, შანსი არ გვქონდა, მაგრამ ახალგაზრდული ნაკრებების ისტორიაში ჯერჯერობით საუკეთესო შედეგი სწორედ მაშინ დაფიქსირდა.
საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, 1996 წლის 9 ოქტომბერს იტალიასთან არეცოში გუნდი დამარცხდა – 0:6. გუცაევის ნაკრებმა ინგლისთან 8 ნოემბერს ბათუმშიც წააგო – 0:1. იმ შეხვედრაში ქართველმა ფეხბურთელებმა შვიდი რეალური მომენტი ვერ გამოიყენეს, 84-ე წუთზე კი კახა კალაძე გააძევეს.
ამის შემდეგ ნაკრებმა თამაშის ხარისხი გამოასწორა. გუნდმა სტუმრად ინგლისთან, პოლონეთთან და მოლდოვასთან ქულები მოიპოვა; საკუთარ მოედანზე დაამარცხა მოლდოვა, იტალია და პოლონეთი, რის საფუძველზეც, ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა.
გამოსარჩევია რუსთავში ჯანლუიჯი ბუფონის იტალიის დამარცხება (2:0) და თბილისში პოლონეთის ნაკრებთან ბრწყინვალე თამაში – 5:1. მაშინ ევროპის ჩემპიონატზე რვა გუნდი თამაშობდა, ჯგუფიდან მხოლოდ პირველადგილოსანი გადიოდა და ფინალურ ეტაპზე ვერ მოვხვდით.
სამაგიეროდ, ჯგუფის გამარჯვებულ ინგლისს საქმე ისე გავურთულეთ, რომ ის ფინალური ეტაპის მიღმა დარჩა. ბრიტანელები ქულებით, საბერძნეთთან ერთად, ორ უარეს გამარჯვებულს შორის მოხვდნენ და ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად ორმატჩიან რაუნდში მათ დაუპირისპირდნენ. გასვლაზე ინგლისმა 0:2 წააგო, შინ 4:2 მოიგო და საკუთარ მოედანზე გაშვებული მეტი გოლის გამო ევროპირველობის მიღმა დარჩა.
იტალია – საქართველო 6:0
საქართველო – ინგლისი 0:1
ინგლისი – საქართველო 0:0
საქართველო – მოლდოვა 1:0
პოლონეთი – საქართველო 2:2
საქართველო – იტალია 2:0
მოლდოვა – საქართველო 0:0
საქართველო – პოლონეთი 5:1