ისტორია დაიწერა - ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს 2022/2023 წლის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს [ვიდეო] #1TVSPORT
ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს საუკეთესო მოთამაშეა, – ინფორმაცია იტალიის ჩემპიონატის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა.
ქართველი მოთამაშე ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა არცერთ სხვა ნომინაციაში არ წარადგინა, რაც მინიშნება იყო, რომ „ნაპოლის“ ქართველ თავდამსხმელს სეზონის საუკეთესო მოთამაშედ აღიარებდნენ.
ხვიჩა კვარაცხელია პირველივე სეზონში გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახდა და „ნაპოლის“ ჩემპიონობაში უდიდესი როლი ითამაშა. საქართველოს ნაკრების 22 წლის თავდამსხმელი პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც ტოპ 5 ლიგაში წლის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
საუკეთესო მწვრთნელი – ლუჩანო სპალეტი („ნაპოლი“).
საუკეთესო 23-წლამდელი მოთამაშე – ნიკოლო ფაჯიოლი („იუვენტუსი“).
საუკეთესო მეკარე – ივან პროვედელი („ლაციო“).
საუკეთესო მცველი – კიმ მინ-ჯე („ნაპოლი“).
საუკეთესო ნახევარმცველი – ნიკოლო ბარელა („ინტერი“).
საუკეთესო თავდამსხმელი – ვიქტორ ოსიმენი („ნაპოლი“).
საუკეთესო ფეხბურთელი – ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“).
შეგახსენებთ, რომ სერია A- ს ბოლო ტურის წინ ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ასისტენტების დავაში ლიდერობს – საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში 10 საგოლე გადაცემა შეასრულა და უახლოეს კონკურენტებს, რაფაელ ლეაოს („მილანი“), სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩს („ლაციო“), ფილიპ კოსტიჩსა („იუვენტუსი“) და პიოტრ ზელენსკის („ნაპოლი“) 2 პასით უსწრებს.