ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ევროკავშირთან დიალოგის მომხრეა, თუმცა პოლიტიკური პოზიციების კარნახი მიუღებელია
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ევროკავშირთან დიალოგის მომხრეა, თუმცა პოლიტიკური პოზიციების კარნახი მიუღებელია

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი გიდეონ საარი აცხადებს, რომ ევროკავშირთან დიალოგის მომხრეა, თუმცა ერთი მხარის მიერ მეორე მხარისთვის პოლიტიკური პოზიციების კარნახი მიუღებელია.

„ჩვენ გვჯერა ევროკავშირთან ყოვლისმომცველი, გულწრფელი და ღია დიალოგის მნიშვნელობის, თუმცა დიალოგი არ შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი მხარის მიერ მეორე მხარისთვის პოლიტიკური პოზიციების კარნახი“, – განაცხადა საარმა.

„ევრონიუსის“ ცნობით, ეს განცხადება გიდეონ საარმა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელთან, კაია კალასთან დიპლომატიური დაპირისპირების ფონზე გააკეთა. ამასთან, მისივე თქმით, ევროპისა და ისრაელის ურთიერთობები ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანია.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს შეხვდა იერუსალიმში მყოფ ევროკომისარ დუბრავკა შუიცას. საართან ერთობლივ პრესკონფერენციაზე შუიცამ განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთის პარტნიორებს უნდა შეეძლოთ გულახდილად საუბარი და დასძინა, რომ „პარტნიორობა მოითხოვს ღია და გულწრფელ დიალოგს“.

პრესკონფერენციის დროს არც შუიცას და არც საარს არ გაუკეთებიათ კონკრეტული მინიშნება კაია კალასზე, თუმცა, როგორც ცნობილია, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა 16 ივნისს განაცხადა, რომ წყვეტს კალასთან ურთიერთობებს მის მიერ ღაზის სექტორში პალესტინელების მიმართ ისრაელის დამოკიდებულების აპარტეიდთან შედარების გამო. საპასუხოდ კი კალასმა აღნიშნა, რომ „აფასებს ისრაელთან დიალოგს“.