ავსტრალიის ნაკრების ყოფილი ფულბეკი ისრაელ ფოლაუ კვლავ კრიტიკის ობიექტი გახდა. ამჯერად, მისი კლუბის – „კატალან დრაგონზის“ „სენტ ჰელენსთან“ „სუპერ ლიგის“ შეხვედრისას ფოლაუმ უარი განაცხადა დაჩოქებაზე და ამ ფორმით მოძრაობის „შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“ (Black Lives Matter) მხარდაჭერაზე.
ფოლაუ ფეხზე იდგა, როდესაც მისი თანაგუნდელები და მეტოქეები დაჩოქილები იყვნენ და ამ ფორმით გამოხატავდნენ სოლიდარობას. ჟურნალისტებმა და სოციალური ქსელების მომხმარებლებმა მორაგბე მკაცრად გააკრიტიკეს.
„გარდიანის“ (The Guardian) ჟურნალისტმა აარონ ბოუერმა დაწერა – „კლუბების მორაგბეები მუხლზე დადგნენ, ხოლო ფოლაუ მათ არ შეუერთდა. გასაოცარია“.
„დრაგონზის“ მწვრთნელმა სტივ მაკნამარამ ფოლაუს მხარი დაუჭირა – „ჩვენი კლუბი რასიზმის წინააღმდეგი და თანაბარი შესაძლებლობების მომხრეა. მოთამაშეებისა და თანამშრომლების ნაწილმა გადაწყვიტა მუხლზე არ დამდგარიყო – ეს პირადი არჩევანია და ჩვენ ამასაც უნდა ვცეთ პატივი“.
ფოლაუ, რა თქმა უნდა, სკანდალში პირველად არ გახვეულა – 2019 წელს ავსტრალიურმა რაგბიმ 31 წლის სპორტსმენთან კონტრაქტი სოციალურ ქსელში უმცირესობების შეურაცხმყოფელი კომენტარის გამო შეწყვიტა. ფოლაუ აცხადებდა, რომ ქრისტიანია და თუკი საკუთარი რელიგიური შეხედულებების გამო ისჯება, ეს დისკრიმინაციაა. საბოლოოდ, მხარეები სასამართლოში მორიგდნენ.