ისლანდიის ნაკრები მთავარმა მწვრთნელმა დატოვა
ისლანდიის ნაკრები მთავარმა მწვრთნელმა დატოვა

ისლანდიის ფეხბურთის ასოციაციამ საკუთარი “ტვიტერის” მეშვეობით გამოაცხადა, რომ ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჰეიმირ ჰალგრიმსონმა არ გააგრძელა კონტრაქტი და დატოვა პოსტი.
ეს სპეციალისტი ისლანდიის ნაკრებში 2011 წლიდან მუშაობდა, როცა შვედი ლარს ლაგერბეკის სამწვრთნელო შტაბში შევიდა. 2014-16 წლებში, ისინი პარიტეტულ საწყისებზე ხელმძღვანელობდნენ ისლანდიას. 2016-18 წლებში, ჰალგრიმსონი გუნდთან დამოუკიდებლად მუშაობდა.

მის სახელს უკავშირდება ისლანდიის ნაკრების წარმატებები. მისი და ლაგერბეკის ხელმძღვანელობით, გუნდი პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე და იქ მეოთხედფინალამდე მიაღწია.

ამის შემდეგ, ჰალგრიმსონმა პირველი ადგილიდან გაიყვანა გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატზე (შესარჩევში მომავალ ვიცე-ჩემპიონს ხორვატიას აჯობა). ფინალურ ეტაპზე ისლანდიამ ვერ მოახერხა ჯგუფიდან გასვლა.