ეროვნული ლიგის სეზონი ბათუმის „დინამომ“ მოულოდნელი შედეგით დაიწყო – საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა ლიგის დებიუტანტს, თბილისის „მერანს“, ანგისას ბაზაზე უამსპინძლა და მხოლოდ ქულა მოიპოვა.
„მერანმა“ ბათუმელებს დიდი წინააღმდეგობა გაუწია. მასპინძლებს საგოლე მომენტები ჰქონდათ, მაგრამ ამ შესაძლებლობებით ვაგნერ გონსალვეშმა, ნიკა საბანაძემ და თორნიკე გრიგალაშვილმა ვერ ისარგებლეს. ბათუმელებმა მატჩის ბოლოს მთელი ძალებით ვეღარ შეუტიეს, რადგან გუნდის ლიდერი ჯოვინო ფლამარიონი დაშავდა და მოედნის დატოვება მოუხდა.
ამ დროს მასპინძელთა მთავარ მწვრთნელ გია გეგუჩაძეს სამივე ცვლილება გამოყენებული ჰქონდა და მასპინძლებმა მატჩი 10 ფეხბურთელით დაასრულეს. საბოლოოდ, ბათუმელებმა მხოლოდ ქულა მოიპოვეს – 0:0. ეროვნული ლიგის პირთველი სათამაშო დღე ისე დასრულდა, რომ გოლი არ გასულა. ორივე შეხვედრაში სენსაციური შედეგი დაფიქსირდა. სეზონის პირველ შეხვედრაში საქართველოს ჩემპიონმა თბილისის „დინამომ“ ლიგის დებიუტანტი „თელავი“ ვერ დაამარცხა (0:0).