ისევ ლიგა 2-ის ახალგაზრდა ბომბარდირმა, მიქაუტაძემ გაიტანა - ფრანგული მედია ქართველ შემტევზე წერს [ვიდეო] #1TVSPORT
ნორვეგიასთან გიორგი მიქაუტაძის სანაკრებო შეხვედრას ფრანგული ვებგვერდი maligue2-ი გამოეხმაურა. წერილში ხაზგასმულია, რომ „მეცის“ ქართველი თავდამსხმელი წარმატებულ სერიას აგრძელებს.
„თავისი ვარსკვლავის, ერლინგ ჰალანდის გარეშე დარჩენილმა ნორვეგიამ საქართველოს ნაკრებთან ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის მატჩი 1:1 დაასრულა. გუნდებმა ქულები ალექსანდრე სორლოტის („რეალ სოსიედადი“) და გიორგი მიქაუტაძის („მეცი“) გოლებით გაინაწილეს.
ისევ მან. ლიგა 2-ის ახალგაზრდა ბომბარდირმა გაიტანა თანაგუნდელის გადაცემის შემდეგ. გიორგიმ ბურთი თავით გაიგდო და ნორვეგიელების მეკარესთან ერთი-ერთზე გასულმა ზუსტად დაარტყა. საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში „ბორდოს“ თავდამსხმელი დავითაშვილიც იყო.
მიქაუტაძე მიმდინარე სეზონში ლიგა 2-ის ბომბარდირთა დავას ლიდერობს, მის ანგარიშზე 14 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა. ეს არც ისე ცუდი დასაწყისია საქართველოსთვის, თუმცა ესპანეთთან და, განსაკუთრებით, შოტლანდიასთან ჩამორჩენის შესამცირებლად, ქულები კიდევ საჭირო იქნება. შოტლანდიამ შესარჩევი ეტაპი 2 მატჩში აღებული 6 ქულით დაიწყო“, – წერს გამოცემა.