ის ლიგის საუკეთესო თავდამსხმელია - ზივზივაძე ფრანგმა თანაგუნდელმა გამოარჩია #1TVSPORT
უნგრეთის ჩემპიონატის 24-ე ტურის მატჩში, „უიპეშტმა“, სადაც ბუდუ ზივზივაძე და გიორგი ბერიძე თამაშობენ, გასვლაზე „დებრეცენი“ 2:1 დაამარცხა.
გუნდის გამარჯვებაში დიდი როლი ზივზივაძემ ითამაშა – 27 წლის ქართველმა თავდამსხმელმა ზედიზედ მეოთხე შეხვედრაში გაიტანა და „უიპეშტის“ მეორე გოლიც მან წამოიწყო.
მატჩის შემდგომი ინტერვიუს ჩაწერის დროს, „უიპეშტის“ ქართველ თავდამსხმელს კამერის წინ თანაგუნდელი იოჰან კრუაზე მიუახლოვდა და ბუდუ ზივზივაძეზე ილაპარაკა:
„ის საუკეთესო თავდამსხმელია ლიგაში. ხუთი გოლი ოთხ მატჩში გაიტანა. არ დაივიწყოთ მისი სახელი!“, – თქვა კრუაზემ, რომლის საგოლე გადაცემითაც ზივზივაძემ გაიტანა.
„უიპეშტმა“ ლიგის ზედიზედ ოთხი მატჩი მოიგო და გასავარდნი გუნდების ზონას საგრძნობლად დაშორდა. გარდა ამისა, „დებრეცენი“ მისი პირდაპირი მეტოქე იყო, რაც ამ წარმატებას კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის.
იოჰან კრუაზე 30 წლის ფრანგი შემტევი ნახევარმცველია, რომელიც „მეცში“ გაიზარდა და ამ გუნდში 3 წელი თამაშობდა. ასევე, გამოდიოდა ბელგიურ „ლეუვენსა“ და „მეხელენში“, აშშ-ში „კანზას სიტიში“, რომელმაც „მეხელენს“ ტრანსფერში 1,2 მილიონი ევრო გადაუხადა, „უიპეშტში“ კი 2021 წლის თებერვალში ჩაირიცხა.