ის ფეხბურთის ლეგენდაა - კვარაცხელიამ გუტის მაისურის მიღებისას ემოციები ვერ დამალა [ვიდეო] #1TVSPORT
გამოცემა lasexta-მ გამოაქვეყნა წერილი და ვიდეო, საიდანაც ირკვევა, რომ საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ თავდამსხმელს, ხვიჩა კვარაცხელიას ბავშვობის ერთ-ერთი კერპის, მადრიდის „რეალის“ ვეტერანი ნახევარმცველის, გუტის მაისური გადასცეს.
რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა კვარაცხელიას ვიდეო, სადაც ის ამბობდა, რომ გუტი ბავშვობაში მისი კერპი იყო. გადაცემა El Chiringuito-ში ამ კადრების ნახვის შემდეგ მადრიდის „რეალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა გადაწყვიტა, მისთვის ავტოგრაფიანი მაისური გაეგზავნა. ნეაპოლში კვარაცხელიას მაისური ნიკო როდრიგესმა გადასცა.
„ხვიჩა, მადლობა, რომ შეგიყვარდა ჩემი ფეხბურთი. ბევრ ბავშვს შეუყვარდება შენი ფეხბურთი. იმედი მაქვს, რომ მაისური მოგეწონება და შენი ოცნებები ახდება. მადრიდში გელოდები. იმედი მაქვს, მალე გნახავ“, – წერია წერილში, რომელიც გუტიმ ქართველ თავდამსხმელს მაისურთან ერთად გაუგზავნა.
„ნაპოლის“ ფეხბურთელმა, რომელიც შესანიშნავ სეზონს ატარებს, გუტის ამ ჟესტისთვის მადლობა გადაუხადა და საჩუქარს თავადაც დაჰპირდა: „მადლობა, ის ფეხბურთის ლეგენდაა. გუტისთვის მეც მაქვს საჩუქარი და გავუგზავნი“.