იტალიის ქალაქ პიზაში მიმდინარე მსოფლიო თასზე ეტლით ფარიკაობაში დღეს გამარჯვებულები ხმალში გამოვლინდნენ. ქართველმა პარასპორტსმენმა ირმა ხეცურიანმა პირველობა არც ამჯერად დათმო და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ფინალში ის ჩინელ აო ლანჟუს დაუპირისპირდა და ძალიან იოლად, ანგარიშით 15-2 დამარცხა. ეს ირმას მეთხუთმეტე ოქროა მსოფლიო თასებზე.
დღესვე ნინა თიბილაშვილს საპრიზო ადგილამდე სულ ცოტა დააკლდა. ჯგუფური ეტაპის ყველა ბრძოლის მოგებისა და მომდევნო ეტაპებზე წარმატებული შეხვედრების ჩატარების შემდეგ, მან საუკეთესო ოთხეულში შესასვლელი ორთაბრძოლა დათმო.
ხვალ გამარჯვებულები რაპირისტთა შორის გამოვლინდებიან.
პიზაში მიმდინარე მსოფლიო თასი 2020 წლის ტოკიოს პარალიმპიური თამაშების წინა საკვალიფიკაციო შეჯიბრია.