ტაიმაუტი | ირმა ხეცურიანი - ბრძოლის ველზე რომ შევდივართ, ვგრძნობთ, რომ მთელი საქართველო ჩვენ გვერდითაა #1TVSPORT
ტაიმაუტი | ირმა ხეცურიანი - ბრძოლის ველზე რომ შევდივართ, ვგრძნობთ, რომ მთელი საქართველო ჩვენ გვერდითაა #1TVSPORT

საქართველოს პარამოფარიკავეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი ოქროს მედლებით დაასრულა. გუნდის ლიდერი ირმა ხეცურიანი პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ პოლონეთიდან ჩაერთო, განვლილ შეჯიბრებაზეც ილაპარაკა და სამომავლო გეგმებსაც შეეხო.

„მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენი მთავარი კონკურენტი უკრაინის ძლიერი ნაკრები იყო. თითოეულმა მოფარიკავემ ბრძოლაში ყველაფერი ჩავდეთ, რომ მაქსიმალურად მეტი ქულა მოგვეგროვებინა და გადამწყვეტი შეხვედრისთვის ნინო თიბილაშვილისთვის საქმე გაგვეიოლებინა. ძალიან დაძაბული შეხვედრა გამოვიდა და სასიხარულოა, რომ მიზანს მივაღწიეთ – ანგარიშით 45:43 გავიმარჯვეთ. იმდენად ემოციური შეხვედრები გვქონდა, რომ მთავარმა მწვრთნელმა მალხაზ მესხმა გვითხრა – თქვენ მე ინფარქტს დამმართებთო…“

ქართველი პარამოფარიკავეები ხმლით ასპარეზობენ, მათ ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზიაც მიიღეს, თუმცა რაპირით ბრძოლაში. ამ პარალიმპიადაზე გუნდურში მხოლოდ რაპირით ბრძოლის დისციპლინაა, 2024 წელს კი ხმლით ასპარეზობაც დაემატება.

„2024-ში მაღალი მიზნების მიღწევა რეალური იქნება. ტოკიოში, გუნდურში რაპირით ვიასპარეზებთ. ძირითადად, ხმლით ვვარჯიშობთ, რაც საქმეს ართულებს. რაპირითა და ხმლით ბრძოლაში განსხვავებული წესებია, განსხვავებულია საზიანო არეც. მაგალითად, ხმლით წელსზევით ყველა ადგილას შეიძლება შეხება, რაპირით კი არეალი შეზღუდულია, ხელზე ჩხვლეტა ქულად არ ითვლება და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ რაპირით ასპარეზობას მიჩვეულები არ ვართ, ამ დისციპლინაში ბევრი ძლიერი გუნდი დაგვიმარცხებია და ტოკიოს პარალიმპიადაზეც იმედიანად მივემგზავრებით. მთავარია, ბრძოლის ველზე რომ შევდივართ, მთელი საქართველოს მხარდაჭერას ვგრძნობთ“.

საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრები დღეიდან მსოფლიო თასის გათამაშებაში ჩაერთო, რომელიც პოლონეთში მიმდინარეობს.