ირლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: შესაძლოა, ამ ფრემ ევრო2020-ის მიღმა დაგვტოვოს
ირლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: შესაძლოა, ამ ფრემ ევრო2020-ის მიღმა დაგვტოვოს

„საქართველოსთან ფრე ჩვენთვის მოპოვებული ქულაა და არა – დაკარგული” – ეს მიკ მაკარტიმ 2020-ის შესარჩევი ჯგუფში, საქართველოსა და ირლანდიის საფეხბურთო ნაკრებების შეხვედრის (0:0) შემდეგ განაცხადა.

ირლანდიელთა მთავარმა მწვრთნელმა 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის D ჯგუფში საქართველოსთან ფრე ლოგიკურ შედეგად აღიარა, თუმცა აღნიშნა, რომ მეტი შანსი მის გუნდს ჰქონდა: „ბურთის ფლობაში უპირატესობა საქართველსო ნაკრებს ჰქონდა, მაგრამ მათ კარში ერთხელაც ვერ დაარტყეს. ჩვენ კი რამდენიმე კარგი შანსი ვერ გამოვიყენეთ, ბურთი ძელსაც გავარტყით. მთლიანობაში, ფრე დამაკმაყოფილებელი შედეგია. საქართველოსთან ორ შეხვედრაში 4 ქულა მოვიპოვეთ. ეს წინასწარ რომ მცოდნოდა, კმაყოფილი დავრჩებოდი“.
მაკარტი არ უარყოფს, რომ შესაძლოა, ამ ფრემ ირლანდიის ცუდი სამსახური გაუწიოს: „არაა გამორიცხული, რომ ამ ფრემ ევროპის ჩემპიონატის მიღმა დაგვტოვოს. მაგრამ ჩვენ გასვლაზე ძლიერ გუნდს ვესტუმრეთ და სამი ქულის მოპოვება ადვილი არ იყო. ამავე დროს, საქართველოს ნაკრებს დასაკარგი არაფერი ჰქონდა, გუნდი ერთა ლიგის ნახევარფინალშია გასული, ჩვენ კი ევროპის ჩემპიონატის საგზური შესარჩევი ციკლიდან უნდა მოვიპოვოთ“.