ირის ანტმანი - საქართველოს ნაკრებისთვის პლეი ოფში თამაში ისტორიული მომენტია #1TVSPORT
საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ირის ანტმანმა ირალანდიასთან ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად პლეი ოფის მატჩებისთვის მზადებაზე კომენტარი გააკეთა.
„საქართველოს ნაკრებისთვის პლეი ოფში თამაში ისტორიული მომენტია. შესაძლოა, ეს განსაკუთრებული შეხვედრა იყოს, მაგრამ ისე ვემზადებით, როგორც მორიგი მატჩისთვის. ვიცით, რომ მაღალი დონის გუნდს ვხვდებით, მაგრამ შიშის გარეშე უნდა ვითამაშოთ. უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, ვიდრე აქამდე გაგვიკეთებია. უნდა ვიმუშაოთ ტაქტიკურად და იმედი მაქვს, ამას მოედანზე გადავიტანთ, რადგან ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია.
პირველი თამაში თბილისშია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გვყავს შესანიშნავი გულშემატკივარი, რომელიც ყველა მატჩს ესწრებოდა და გვაჩვენებდა, რამდენად მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა.
ფეხბურთელებმა ყველაფერი ჩადეს ჯგუფური ეტაპის თამაშებში, შეასრულეს გულშემატკივრისთვის მიცემული პირობა და გავიდნენ პლეი ოფში. ასე რომ, ქომაგებს მოვუწოდებ, მოვიდნენ და მხარი დაგვიჭირონ. ეს აუცილებლად დაეხმარება ჩვენს გუნდს“.
საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებების ორმატჩიანი პლეი ოფი 25 და 29 ოქტომბერს გაიმართება. პირველი მატჩი თბილისში, „მიხეილ მესხი 2“-ზე შედგება. გამარჯვებული მეორე ეტაპზე სლოვაკეთისა და უელსის წყვილში საუკეთესოს შეხვდება და წარმატების შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.