ირის ანტმანი - ქალთა ნაკრებში ამერიკიდან ახალი მოთამაშე მოვიწვიეთ #1TVSPORT
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ირის ანტმანმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბელარუსსა და ლიეტუვასთან მატჩებისთვის მზადებასა და მოლოდინებზე კომენტარი გააკეთა.
„რთულ ჯგუფში ვართ. თუ მომდევნო ეტაპზე გასვლა გვსურს, მოახლოებულ მატჩებში ქულები უნდა მოვიპოვოთ. დარწმუნებული ვარ, გოგონებს ეს შეუძლიათ, რაც არაერთხელ დაამტკიცეს კარგი თამაშით, დისციპლინის დაცვით და შრომით. სავარჯიშო პროცესი კარგად მიმდინარეობს.
გვყავს ახალი ფეხბურთელი, სოფი ხელაშვილი, რომელიც 2008 წელს არის დაბადებული და აშშ-ში თამაშობს. სხვა ფეხბურთელების მსგავსად, ის აქ არის, რათა დაეხმაროს ეროვნულ ნაკრებს. ჩვენი მომავალი თაობა უკვე აქ არის. გუნდში, რომელმაც აჩვენა, რომ შეუძლია კარგი ფეხბურთის თამაში.
ბელარუსი არა მხოლოდ ჩვენი ჯგუფის, არამედ დივიზიონის საუკეთესო გუნდია. იმედი მაქვს, რომ გულშემატკივრები მრავლად იქნებიან და მხარს დაუჭერენ ეროვნულ ნაკრებს, როგორც ეს კვიპროსსა და ლიეტუვასთან მატჩებში იყო. ვნახეთ, რამდენად მნიშვნელოვანია მათი ძალა, მათ შორის, ევრო 2024-ზე. გულშემატკივართა მხარდაჭერა ძალიან გვჭირდება. რა თქმა უნდა, რთული მატჩი გველის, მაგრამ ქომაგების მხარდაჭერით და ფეხბურთელების სწორი თამაშით ქულების მოპოვებას შევძლებთ“, – ამბობს ირის ანტმანი.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ბელარუსს თბილისში 12 ივლისს უმასპინძლებს. მატჩი „მიხეილ მესხი 2“-ზე, 20:00 საათზე გაიმართება – გულშემატკივართა დასწრება თავისუფალია. 16 ივლისს ჩვენი გუნდი ლიეტუვას ქალაქ დრუსკინინკაიში ესტუმრება. შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.