ირის ანტმანი - დარწმუნებული ვარ, ლიეტუვასთან მოგება შეგვიძლია #1TVSPORT
საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ირის ანტმანმა, მოთამაშეებმა, ნათია დანელიამ და ანა ჩემინავამ ერთა ლიგაზე ლიეტუვასთან მოახლოებული მატჩის შესახებ კომენტარი გააკეთეს.
ირის ანტმანი, საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი: „გუნდში კარგი განწყობაა. ლიეტუვაში კიდევ ერთი ქულა მოვიპოვეთ. ვიცი, რომ ეს არ არის საკმარისი, თუმცა უქულოდ ყოფნაზე უკეთესია. თანდათან ვვითარდებით და თამაშს ვაუმჯობესებთ. საკადრო პრობლემების მიუხედავად, ლიეტუვასთან მოგება გვსურს და დარწმუნებული ვარ, საქართველოს ნაკრებს ეს შეუძლია“.
ნათია დანელია, საქართველოს ქალთა ნაკრების წევრი: „ლიეტუვასთან პირველი თამაში თანაბარი იყო. ორივე გუნდს შეეძლო გოლის გატანა, თუმცა თამაში ლოგიკური შედეგით დასრულდა. თბილისში მოგებაზე და სამი ქულის მოპოვებაზე ვართ ორიენტირებულები“.
ანა ჩემინავა, საქართველოს ქალთა ნაკრების წევრი: „ვფიქრობ, რომ საკუთარ მოედანზე, ქართველ გულშემატკივართან ერთად, მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. გუნდში ძალიან კარგი განწყობაა. ვიმედოვნებ, რომ სამ ქულას მოვიპოვებთ“.
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრას ლიეტუვასთან 31 ოქტომბერს, 17:00 საათზე თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს GFFTV-ი შემოგთავაზებთ.