ირანის ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელად იტალიელ სპეციალისტს ნიშნავენ
ირანის ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელად იტალიელ სპეციალისტს ნიშნავენ

მილანის „ინტერის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი ანდრეა სტრამაჩონი შესაძლოა ირანის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი გახდეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო წერს.

წყაროს ინფორმაციით, იტალიელი სპეციალისტი ამჟამად მოლაპარაკებებს აწარმოებს ირანის ფეხბურთის ფედერაციასთან, რათა ამ ქვეყნის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ხორვატი დრაგან სკოჩიჩი შეცვალოს.

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი, სკოჩიჩის ხელმძღვანელობით, ირანის ნაკრებმა საკმაოდ კარგად დაიწყო – ჰონგ-კონგს 2:0 მოუგო და კაბოჯა 14:0 გაანადგურა. თუმცა, ამის შემდეგ, ორი მარცხი იწვნია – ჯერ ბაჰრეინისგან (0-1)  და შემდეგ ერაყისგან (1:2). ამჟამად თავის ქვეჯგუფში ირანი მესამე ადგილს იკავებს, რაც შემდეგ ეტაპზე გასვლის შესაძლებლობას არ იძლევა.

რაც შეეხება სტრამაჩონის, ეს სპეციალისტი 44 წლისაა და ამჟამად უმუშევარია.

„ინტერის“ გარდა წარსულში ის „უდინეზეს“, „პანათინაიკოსს“, „სპარტასა“ და „ესტეგლალს“ ავარჯიშებდა.