ირანი-ესპანეთი: მატჩის ანონსი
ირანი-ესპანეთი: მატჩის ანონსი

20 ივნისი. ყაზანი. სტადიონი “ყაზან-არენა”. დასაწყისი – 22:00
მსაჯი: ანდრეს კუნია (ურუგვაი)

პირველი ტურის შემდეგ, B ჯგუფში უჩვეულო სიტუაცია შეიქმნა. ირანმა, შესაძლოა, არ დაიმსახურა მაროკოსთან გამარჯვება, მაგრამ ფაქტია, რომ იმ ჯგუფში, სადაც ესპანეთი და ევროპის ჩემპიონი პორტუგალია არიან, 3 ქულით ლიდერი გახლავთ.

ესპანეთი პირველ ტურში პორტუგალიას შეხვდა და მაყურებელს ამ ჩემპიონატის, ჯერჯერობით, საუკეთესო მატჩი აჩუქა – 3:3.

ბუნებრივია, ესპანეთი ყაზანში თავისი პირველი მოგებისთვის ჩავიდა. მოთამაშეები და სამწვრთნელო შტაბი ერთხმად აცხადებენ, რომ მათ ჯგუფში პირველი ადგილი უნდათ და ნაკლებად წარმოსადგენია, რომ ფერნანდო იეროს გუნდმა ზედიზედ მეორე მატჩში დაკარგოს ქულები.

პირველი ტურის მატჩები
ესპანეთი-პორტუგალია 3:3
გოლები: 0:1 რონალდუ (4-პენალტით), 1:1 დიეგო კოშტა (24), 1:2 რონალდუ (44), 2:2 დიეგო კოშტა (55), 3:2 ნაჩო (58), 3:3 რონალდუ (88)

მაროკო-ირანი 0:1
გოლი: 0:1 ბუჰადუზი (90+5-ავტოგოლი)

ახალი ამბები
ირანმა ჩემპიონატის ბოლომდე დაკარგა ცენტრალური მცველი რუზბეჰ ჩეშმი და მას ესპანეთთან მოჰამად რეზა ხანზადე შეცვლის.
ესპანეთის შემადგენლობის ცვლილება არ იგეგმება.

ურთიერთშეხვედრები
გუნდები პირველად ითამაშებენ ერთმანეთის წინააღმდეგ.

საინტერესო ფაქტები
– ირანს მსოფლიოს ჩემპიონატებზე არასოდეს მოუგია ევროპული გუნდებისთვის (=1-5).
– ირანი პირველი გუნდია, რომელმაც მაროკოსთან მეორე ტაიმი 1:0 მოიგო იმის მიუხედავად, რომ კარში ზუსტად არ დაურტყამს. აზიელებმა მატჩი აზიზ ბუჰადუზის ავტოგოლით მოიგეს.
– ირანი 19 მატჩია არ მარცხდება, ესპანეთის მსგავსი სერია 21 მატჩს აღწევს.
– დიეგო კოშტამ ნაკრებში ბოლო რვა მატჩში რვა გოლი გაიტანა.

რა თქვეს მწვრთნელებმა
კარლუშ კეირუში (ირანი):
“ესპანეთის ნაკრებში ყველა მოთამაშეს შეუძლია სახიფათო მომენტის შექმნა, ამიტომაც სხვა სტრატეგია უნდა ავირჩიოთ, ვიდრე მაროკოსთან გვქონდა. ყოველთვის არ გაქვს საშუალება, ასეთი დონის გუნდთან ითამაშო, ამიტომაც, აღელვებულები ვართ. და, რა თქმა უნდა, მოგებისთვის ვართ განწყობილი”.

ფერნანდო იერო (ესპანეთი):
“კარგად ვიცნობ ირანის მთავარ მწვრთნელს კარლუშ კეირუშს. ის კარგი ადამიანია. ეს გუნდი ყურადღებით თამაშობს დაცვაში. ირანელები ძალიან დისციპლინირებულები არიან და თავიანთი გოლების თითქმის ნახევარს სტანდარტულებიდან იტანენ. ისინი კარგად თამაშობენ მოედნის ყველა ნაწილში, ჰყავთ ძლიერი მოთამაშეები, განსაკუთრებით, შეტევაში. პორტუგალიასთან მატჩი უკვე წარსულშია. ახლა, ჩვენ გვჭირდება სამი ქულა ირანთან და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მოგებისთვის”.

სავარაუდო შემადგენლობები
ირანი (4-3-3): ბეირავანდი – მოჰამადი, პურალიგანჯი, ხანზადე, მონთარეზი – შოჯაეი, ჰაჯსაფი, ებრაჰიმი – ამირი, აზმუნი, ჯაჰანბახში.
ესპანეთი (4-2-3-1): დე ხეა – ჟორდი ალბა, სერხიო რამოსი, პიკე, ნაჩო – ბუსკეტსი, ტიაგო ალკანტარა – ინიესტა, ისკო, დავიდ სილვა – დიეგო კოშტა.

 

გადმოწერეთ ჩვენი უნიკალური აპლიკაცია FIFA 2018! Android

და თქვენ გექნებათ საშუალება ოპერატიულად გაეცნოთ ყველა საინტერესო სიახლეს, მატჩების ზუსტ განრიგს, შედეგებს LIVE-რეჟიმში და შექმნათ თქვენი პროგნოზი!

თამაშების ზუსტი განრიგი – მსოფლიო ჩემპიონატი პირველ არხზე!