ირანელთა თხოვნა მუნდიალის წილისყრის წამყვანს - ნუ იქნები გამომწვევი
ირანელმა ფეხბურთის მოყვარულებმა უცნაური თხოვნით მიმართეს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ფინალური ტურნირის წილისყრის ერთ-ერთ წამყვანს, რუს ჟურნალისტ მარია კომანდნაიას. მათი სურვილია, წამყვანი ცერემონიაზე გამომწვევი სამოსით არ გამოცხადდეს.
წილისყრა პირდაპირ ეთერში უნდა გადასცეს ირანის სახელმწიფო არხმა IRIB-მა. ქვეყნის კანონების თანახმად, მაუწყებლობა შეწყდება იმ შემთხვევაში, თუ ეკრანზე გამოჩნდება არასაკმარისად ჩაცმული ქალი. სწორედ ამიტომაც მიმართეს ირანელებმა კომანდნაიას თხოვნით – პასუხისმგებლობით მიუდგეს ტანსაცმლის არჩევას და არ გამოიყურებოდეს გამომწვევად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი შოუს ვერ ნახავენ და პირდაპირ ეთერში ვერ გაიგებენ, რომელ ჯგუფში მოხვდა ირანის ნაკრები.
შეგახსენებთ, რომ კომანდნაიასთან ერთად, წილისყრის ცერემონიის წამყვანი იქნება ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი და ტელეექსპერტი გარი ლინეკერი. წილისყრა პარასკევს, 1-ელ დეკემბერს მოსკოვში გაიმართება. ცერემონია თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება და მას პირდაპირ ეთერში პირველი არხი შემოგთავაზებთ.