ირაკლი სიხარულიძე იმედგაცრუებულია, რომ თბილისის „ლოკომოტივმა“ ევროსაგზური ვერ მოიპოვა. 30 წლის გამოცდილი თავდამსხმელი საქართველოს პირველ არხთან აცხადებს, რომ გუნდი პანდემიამ სხვებზე მეტად აზარალა.
„სეზონის ბოლო ტურამდე ნამდვილად სხვა მოლოდინი გვქონდა. მაგრამ „დილასთან“ გადამწყვეტ შეხვედრამდე ტრავმის და ვირუსების გამო რამდენიმე მოთამაშე დაგვაკლდა და რა თქმა უნდა, ეს დაგვეტყო. პანდემიამ ყველა გუნდზე ცუდი გავლენა მოახდინა, მაგრამ ჩვენ განსაკუთრებით დაგვაზარალა. სეზონი კარგად დავიწყეთ და ყველა ფიქრობდა, რომ ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებდით. მაგრამ მერე შევჩერდით და მხოლოდ ევროპის ლიგის თამაშებამდე დავლაგდით. სამეულში მოსახვედრად სწორედ პანდემიის პაუზის შემდგომ პერიოდში დაკარგული ქულები დაგვაკლდა“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან სიხარულიძე.
გამოცდილი თავდამსხმელი იმედოვნებს, რომ 2021 წელი „ლოკომოტივისთვის“ და პირადად მისთვის უფრო წარმატებული იქნება.
„ჭიაბრიშვილის მოთხოვნებს მივეჩვიეთ, გუნდი გადავეწყვეთ და „ლოკომოტივმაც“ ნელ-ნელა მოუმატა, რაც ევროთასებზეც გამოჩნდა. მისი ხედვები ძალიან მომწონს და გუნდს აშკარად წაადგა. ჭიაბრიშვილის ხელში გუნდი პროგრესირებს. ამიტომ მჯერა კიდეც, რომ 2021 წელს უფრო მაღალი ადგილისთვის ვიბრძოლებთ. იმედია, ახალი სეზონი პირადად ჩემთვისაც უკეთესი იქნება. ევროტურნირების შემდეგ გუნდთან კიდევ 2-წლიანი კონტრაქტი გავაფორმე და მინდა, გუნდს წარმატების მოპოვებაში დავეხმარო“, – აცხადებს „ლოკომოტივის“ თავდამსხმელი.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი სიხარულიძე 9 გოლით ეროვნული ლიგის ბომბარდირებში მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო გერმანული სისტემით (გოლი+პასი) ჩემპიონატის ყველაზე სასარგებლო მოთამაშე გახდა.