თბილისის „საბურთალომ“ ეროვნული ლიგის მე-3 ტურში ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. მეორე ბურთი ირაკლი სიხარულიძემ გაიტანა, რომლისთვისაც „საბურთალოს“ შემადგენლობაში ეს პირველი ოფიციალური გოლი გამოდგა. გარდა ამისა, ფორვარდმა პირველ გოლშიც მონაწილეობა საგოლე პასით მიიღო.
„რა თქმა უნდა, სასიამოვნოა გოლის გატანა, მით უფრო, როდესაც ახალ კლუბში პირველი ოფიციალური გოლი გაგაქვს. კარგია, რომ მატჩი ჩვენი გამარჯვებით დასრულდა. ვეცდებით, მომავალში წარმატებები მოვიპოვოთ“, – ამბობს თბილისური კლუბის ფორვარდი.
კომენტარი გააკეთა „საბურთალოს“ მთავარმა მწვრთნელმა ლევან კორღალიძემაც:
„წინა ტურში „გაგრასთან“ წაგებული მატჩის შემდეგ რეაბილიტაცია მოვახდინეთ და მნიშვნელოვანი 3 ქულის აღება შევძელით. მთელი მატჩი თამაშს ვაკონტროლებდით და დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ. ვულოცავ ჩემს ფეხბურთელებსა და „საბურთალოს” „ტორპედოსთან“ მოგებას”.
სამი ტურის შემდეგ „საბურთალომ“ 6 ქულა დააგროვა და ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა. შემდეგ შეხვედრაში თბილისურ გუნდს სერიოზული გამოცდა ელის – ლევან კორღალიძის გაწვრთნილები მოქმედ ჩემპიონს, ბათუმის „დინამოს“ დაუპირისპირდებიან. მე-4 ტურის ეს მატჩი „აჭარაბეთ არენაზე“ 13 მარტს ,19:00 საათზე დაიწყება.