ირაკლი შოთაძემ აშშ-ს საელჩოს გამოძიების ფედერალური ბიუროს ახლად დანიშნულ სამართლებრივ ატაშესთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა
საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე აშშ-ის საელჩოს გამოძიების ფედერალური ბიუროს ახლად დანიშნულ სამართლებრივ ატაშეს, ჰეზერ ბერგს და გამოძიების ფედერალური ბიუროს სამართლებრივ ყოფილ ატაშეს, დიეპ შუმეიკერს შეხვდა.
უწყების პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გენერალური პროკურორის მოადგილეები, პროკურატურის შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელები.
„ირაკლი შოთაძემ ყოფილ სამართლებრივ ატაშეს მადლობა გადაუხადა ქართველ და ამერიკელ კოლეგებს შორის სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის, საქართველოს პროკურატურის გამომძიებლებისა და პროკურორებისთვის ბოლო წლების განმავლობაში აღმოჩენილი დახმარებისთვის. შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზე“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.